აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა

აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2016-2019 წლებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც, საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შემდგომ განვითარებას. 

ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ივლისში გაფორმებული მემორანდუმის მხარდამჭერი დოკუმენტია, 6 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს ხელი თბილისში.

„უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის გრძელვადიან ამოცანებს განსაზღვრავს, ახდენს პრიორიტეტების და რესურსების დაგეგმვის სინქრონიზაციას და მტკიცე თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის უწყება.

სამინისტრო კონკრეტული დეტალების დაკონკრეტების გარეშე აცხადებს, რომ დოკუმენტი შემდეგ ძირითად მიზნებზეა ორიენტირებული: საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება, საქართველოს თავდაცვის ეფექტური და მდგრადი სისტემების ჩამოყალიბება, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, პროფესიონალი და ეფექტური სამხედრო მმართველობის უზრუნველყოფა.

ეს პრიორიტეტები თავდაცვის სფეროში „მაღალი დონის ორმხრივი კონსულტაციების ფორმატში ყოველწლიურ გადახედვასა და განახლებას დაექვემდებარება“, აცხადებს საქართველოს თავდაცვის უწყება.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე „კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“ და ნატოს სტანდარტებთან  თავსებადობას.

მისი ინფორმაციით, ასევე იგეგმება ერთობლივი სასაწავლო ცენტრის შექმნა. 

„ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის დონე, ამ ცენტრის შექმნის საფუძველზე, იქნება მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა იზორიამ მაიკლ კარპენტერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას. 

თბილისში ვიზიტის  ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ასევე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

Exit mobile version