ლარის მკვეთრი დაცემის ფონზე ეროვნული ბანკი ‘გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას’ ელის

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება განპირობებულია არა „ფუნდამენტური ფაქტორებით“, არამედ აშშ დოლარზე „აჟიოტაჟური მოთხოვნით“.

„ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დეკემბერს ლარის მკვეთრი გაუფასურება დაფიქსირდა, როცა 1 აშშ დოლარის ფასმა 2.70 ლარამდეც კი მიაღწია, რაც მაშინ არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსზე 17 პუნქტით მეტი იყო. ამ დროისთვის აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსი გადამცვლელ ჯიხურებში 2.58-2.60 შორის მერყეობს.

მას შემდეგ, რაც აშშ დოლართან მიმართებაში ოფიციალური კურსი 25 ნოემბერს ისტორიულ მინიმუმამდე  2.5026-იან ნიშნულზე დაეცა, ეროვნული ვალუტა ყოველდღიურ გაუფასურებას განაგრძობს და 1 დეკემბერს გამართული ვაჭრობის შედეგად 2.5871 შეადგინა, რაც 5-პუნქტიანი გაუფასურებაა წინა დღესთან შედარებით.  

ამ ფონზე, ცალკეული გადასახადის გაზრდის გეგმების გამოცხადებასთან ერთად, მთავრობამ განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში ლარის გასამყარებლად სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რაც 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე ბანკების მიერ დოლარში გაცემული იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანას გულისხმობს ოფიციალურზე 20 პუნქტით ნაკლები კურსით, რა სხვაობაც საბიუჯეტო სუბსიდიით დაიფარება და ასევე, იგეგმება ახალი რეგულაციის შემოღება, რომლის მიხედვითაც, 2017 წლიდან 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში უნდა გაიცეს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სავალუტო ბაზარზე „პანიკური“ რყევები ამ გეგმების დაანონსებამაც განაპირობა.

„დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში, "გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ". 

„ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

„ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს“, – განაცხადა ბანკმა.

Exit mobile version