ლარი დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 25 ნოემბერს ლარი დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა და 2.5026 შეადგინა, მას შემდეგ, რაც წინა დღეს კურსი 2.4852-იან ნიშნულზე იყო.

ლარის არსებობის მანძილზე მისი წინა ყველაზე დაბალი ნიშნული 2016 წლის იანვრის ბოლოსთვის დაფიქსირდა, როცა აშშ დოლარი 2.4985 ლარი ღირდა და 1999 წლის თებერვალში დაფიქსირებული რეკორდული კურსი – 2.451 ლარი გადალახა. ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო.

იმ ფონზე, როცა ეროვნული ვალუტა ბოლო თვენახევრის განმავლობაში ეტაპობრივად უფასურდებოდა, ეროვნულ ბანკს ინტერვენცია არ განუხორციელებია  – სავალუტო აუქციონზე უკანასკნელად 40 მლნ აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაიყიდა.

2016 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა 23 ინტერვენციის შედეგად სულ 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 278.35 მილიონი აშშ დოლარი იყიდა – შესყიდვა, ძირითადად, მარტის შუა პერიოდიდან აგვისტოს ბოლომდე, დოლართან მიმართებაში ლარის გამყარების პარალელურად ხდებოდა.

ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2.760 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა; სექტემბერში ეს მაჩვენებელი 2.858 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შარშან ოქტომბერში, დაახლოებით, 2.449 მლრდ აშშ დოლარი იყო.

Exit mobile version