ამერიკელი დიპლომატი თბილისში შეხვედრებს მართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკი თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს 21 ნოემბერს შეხვდა.  

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები; რეგიონში არსებული ვითარება; და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ახალი ადმინისტრაციის ფორმირების პროცესი.

„საქართველოს გააჩნია მაღალი, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესრელიზში ბრიჯიტ ბრინკის სიტყვებზე დაყრდნობით. 

ამერიკელ დიპლომატს კვირას ახალი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა ამ რანგში მის პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე.

ბრიჯიტ ბრინკმა პარლამენტის ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის  შემდეგ განაცხადა, რომ მან ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რაც მისი თქმით, „ძალიან დიდი შესაძლებლობაა საქართველოს წინსვლის შენარჩუნებისთვის, თუმცა ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაცაა“. 

საკანონმდებლო ორგანოს მან რეკომენდაციით მიმართა, რომ დღის წესრიგის ფოკუსირება სტრატეგიული ეროვნული ინტერესების სფეროზე მოახდინოს, მათ შორის ოპოზიციის ჩართულობით და მოუწოდა, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმა, რაც შეიძლება ფართო მონაწილეობით განახორციელოს.

მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის ახალმა ხელმძღვანელობამ ინკლუზიურად მუშაობისა და იმგვარად საქმიანობის მზადყოფნა დაადასტურა, რაც „მხარს უჭერს ჩვენს საერთო ინტერესს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე“.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხორციელდება, ამერიკელი დიპლომატი ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. მან 19 ნოემბერს ასევე გამართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან მიხეილ ჯანელიძესთან. 

Exit mobile version