საქართველოს ლიდერების თქმით, ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

საქართველოს პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს ათდღიანი სამხედრო წვრთნების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და აღნიშნეს, რომ სწავლება, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის ტერიტორიაზე ნატოს 11 წევრისა და 2 პარტნიორი ქვეყნის ჩართულობით 10-20 ნოემბერს იმართება 250 სამხედროს მონაწილეობით. ეს წვრთნები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა, როგორც „რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისადმი სერიოზული საფრთხე“.

„ჩვენ გვინდა, განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, იმისათვის, რომ მოვიტანოთ მეტი სიმშვიდე, მეტი სტაბილურობა. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და გაღრმავება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ერთმნიშვნელოვნად მიმართულია მეტი სტაბილურობისა და სიმშვიდისაკენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 17 ნოემბერს კრწანისის სასაწავლო ცენტრში პრემიერთან ერთად სტუმრობისას.

მისი თქმით, საქართველო ამტკიცებს, რომ არის „პასუხისმგებლიანი პარტნიორი“, რომელსაც „გააჩნია უნარი, როგორც საქმით, ასევე პოზიციით დააფიქსიროს თავისი მზადყოფნა გლობალური უსაფრთხოების გასაღრმავებლად“.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ წვრთნები, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ურყევობის დადასტურებაა.

„ჩვენი მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ქართული ჯარის ნატოს სტანდარტებით მომზადება“, – განაცხადა მან, „ასეთი წვრთნები ჩვენ საშუალებას გვაძლევს, უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს“.

„საქართველოში მრავალეროვანი სწავლების  ჩატარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების პროცესში“, – აღნიშნა პრემიერმა თავის გამოსვლაში.

 

Exit mobile version