ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო თანამდებობებზე გადაწყვეტილება მიიღო

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ახალ პარლამენტში კუთვნილ თანამდებობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ უმცირესობას კვლავაც დავით ბაქრაძე, საარჩევნო სიის პირველი ნომერი უხელმძღვანელებს.

პარტიამ ვიცე-სპიკერის პოსტზე არჩეული დეპუტატი სერგი კაპანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე წარადგინა.

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას კი ნიკა მელია, საარჩევნო შტაბის უფროსი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ჩაუდგება სათავეში.

ნაციონალური მოძრაობას, რომელიც პარლამენტში 27-წევრიანი დეპუტაციით შედის, უმცირესობის ფორმირება გადაწყვეტილი აქვს, თუმცა ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება შექმნის თუ არა ერთზე მეტ ფრაქციას უმცირესობის ფარგლებში. 

ფრაქციათა რაოდენობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული ქართულ ოცნებაშიც, რომელიც ახალ პარლამენტში 115-წევრიანი საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

პარლამენტში ერთი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი მესამე პარტია, პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ფრაქციის ფორმირებისთვის საჭირო  მინიმალური ოდენობით, 6 დეპუტატით შედის საკანონმდებლო ორგანოში.

ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ დღეს დანიშნავს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის პირველ სხდომას, სადაც საკადრო საკითხები უნდა გადაწყდეს – მას ამისთვის მაქსიმალური ვადა 19 ნოემბრამდე აქვს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოუწოდა ქართული ოცნების იმ დეპუტატებს, რომლებიც პირველ შეკრებას 18 ნოემბრისთვის აანონსებენ, რომ თავი შეიკავონ „ნაჩქარევი“ განცხადებებისგან.

„ზუსტი დრო მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ცესკო  არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს და პრეზიდენტი  შესაბამის სამართლებრივ აქტს გამოსცემს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 16 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ცესკო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიღებას 16 ნოემბერს დაგეგმილ სხდომაზე გეგმავს.

Exit mobile version