შტაინმაიერმა კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბარში მადლიერება გამოხატა ქართველი სამხედროების სიმამაცის გამო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 11 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბარში მადლიერება გამოხატა ავღანეთში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების დროს ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი სიმამაცის გამო.

ქართველმა სამხედროებმა, რომლებიც მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე მსახურობენ, საკონსულოზე ტერორისტული შეტევის მოგერიებაში  ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩართულ გერმანელ, ბელგიელ და ლატვიელ ძალებთან ერთად შეიტანეს წვლილი და საკონსულოს პერსონალის უვნებლად გადარჩენა უზრუნველყვეს. შეიარაღებულ თავდასხმას სულ ცოტა ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე კავშირს“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის „დროულად ამოქმედების მნიშვნელობას“.

თბილისი შენგენის ზონაში მოკლევადიანი რეჟიმის თაობაზე გადაწყვეტილებას ზაფხულში ელოდა, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმება გერმანიის მხრიდან ბოლო მომენტში გაწეული წინააღმდეგობის გამო ვერ შედგა და საკითხის გადასაწყვეტად პროცედურები ამ დრომდე არ არის დასრულებული.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ  „იგი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ეს საკითხი დროულად გადაწყდეს“.

ფრანკ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელმაც კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა, „გერმანიის მთავრობის სახელით, საქართველოს მთავრობას, სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა“.

„სატელეფონო საუბრის დროს, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველო-გერმანიას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს“, – იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.

Exit mobile version