იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში შეხვედრები გამართა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი 6-7 ნოემბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის „მეგობრული“ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში მისწრაფების მიმართ და საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

მან ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სრულად არ არის ათვისებული ის შესაძლებლობა, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქმნის. იტალიელმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „მტკიცედ“ უჭერს მხარს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს ევროკავშირთან.

„ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ იტალიის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიელ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ, „დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში გიორგი კვირიკაშვილი იტალიას ეწვევა; ასევე დაიგეგმა საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმი, სადაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იტალიურ მხარეს მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს საქართველოში ბიზნესის წარმოების „დიდ შესაძლებლობებს“.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მემორანდუმსა და  „სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელ პროგრამას“.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და ქართველ კოლეგასთან ერთად სიტყვით გამოვიდა თემაზე „იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი“. 

პაოლო ჯენტილონი თბილისში ვიზიტის შემდეგ ბაქოსა და ერევანს ეწვევა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version