აშშ მიესალმება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ‘წარმატებით დასრულებას’

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების „წარმატებით დასრულებას“, რამაც "ცხადყო, რომ საქართველო, რეგიონში დემოკრატიული რეფორმების კუთხით ლიდერია“, განაცხადა თეთრმა სახლმა 31 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„აღვნიშნავთ, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა 8 ოქტომბრისა და 30 ოქტომბრის არჩევნები, როგორც კონკურენტული და ადმინისტრირებული კანდიდატთა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვით. სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის ლიდერებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მათ მხარდამჭერთა მიმართ მოწოდებით, გამოეჩინათ თავშეკავება არჩევნებისას იმისთვის, რომ ამომრჩევლებს თავისუფლად შეძლებოდათ საკუთარი გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ნედ პრაისმა.

„თუმცა, ჩვენ გვაღელვებს ძალადობისა და დაშინების ცალკეული ინციდენტები და მოვუწოდებთ პასუხისმგებლობისაკენ, აგრეთვე, სამართლებრივი ნორმების დაცვით საფუძვლიანი და დაბალანსებული გამოძიებისაკენ“, – ნათქვამია მის განცხადებაში.

ვაშინგტონი ასევე მოუწოდებს ყველა პარტიის პოლიტიკურ ლიდერს „იმუშაონ ერთად, რათა მიაღწიონ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მნიშვნელოვან მიზნებს, მათ შორის, დემოკრატიულ კონსოლიდაციას, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას“.

„ველით ახალ მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version