ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-ზე უცვლელად დატოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 6.5%-ზე დატოვა.

„მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და ინფლაციის შემცირებული მოლოდინები მიუთითებს საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირების საჭიროებაზე. თუმცა,  წინა პერიოდებში პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ჯერ არ არის სრულად ასახული ეკონომიკაზე, ამიტომ, მიზანშეწონილია, ნორმალიზების პოლიტიკის თანდათანობითი განხორციელება. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ შემდეგი ორი კვარტლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტამდე შემცირდება“, – განაცხადა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 26 ოქტომბერს გამართული სხდომის შემდეგ.

წლიური ინფლაციის დონემ სექტემბერში 0.1% შედგინა, აგვისტოში ეს მაშვენებელი 0.9%, ხოლო ივლისში – 1.5% იყო, რაც 2016 წლის მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია. 2017 წელს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ია. 

„არსებული პროგნოზებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა. 

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი გასული წლის მანძილზე ეტაპობრივად გაიზარდა 2015 წლის დასაწყისში არსებული 4%–დან 8%–მდე გასული წლის ბოლოსთვის. 2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი 8%–ზე უცვლელი რჩებოდა, ხოლო აპრილიდან მისი ეტაპობრივი შემცირება დაიწყო.  

ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 14 დეკემბერს გაიმართება.

 

Exit mobile version