პრემიერ-მინისტრი მთავრობის სტრუქტურაში ‘მცირედ’ ცვლილებებს არ გამორიცხავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამინისტროების ოპტიმიზაციის კუთხით „მცირედი ცვლილებები“ არ გამორიცხა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური პროფილის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება.

"სჯობს, დავიცადოთ არჩევნების დასრულებამდე. მოგეხსნებათ, 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს არჩევნების მეორე ტური“, – განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 26 ოქტომბერს ჟურნალისტებს, „შემდგომ უკვე იქნება გარკვეული პერიოდი საიმისოდ, რომ პარლამენტში წარსდგეს მთავრობა და არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს სამინისტროების მიმართულებითაც“.

„ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, მაგრამ მცირედი ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან“, – განაცხადა დაკონკრეტების გარეშე მან გარდაბანში, სადაც  230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო – 159 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ამ პროექტს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით ჩინური კორპორაცია China Tianchen Engineering Corporation განახორციელებს. 

ამჟამად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტი 16 სამინისტროს და სამი სახელმწიფო მინისტრის აპარატს მოიცავს.

ახალი პარლამენტის არჩევა ახალი მთავრობის ფორმირებას იწვევს. ქართული ოცნება, როგორც არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია, ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებიდან ერთი კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დაასახელებს და როგორც ეს წინასწარ არის ცნობილი, ის კვლავ გიორგი კვირიკაშვილი იქნება, რომელიც თავის მხრივ წარადგენს მინისტრთა კანდიდატურებს; მთავრობის დამტკიცებას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

 

Exit mobile version