ცესკო განმეორებით კენჭისყრაზე ოთხი უბნის ამომრჩეველთა აქტივობას აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ ოთხ უბანს შორის, სადაც 22 ოქტომბერს განმეორებითი კენჭისყრა "მშვიდ გარემოში" მიმდინარეობს, ყველაზე აქტიური ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის 108-ე უბნის ამომრჩეველია, რადგან 12 საათისთვის 23.6%-მა დააფიქსირა უკვე თავისი არჩევანი.

#66 ზუგდიდის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა სულ სამ უბანზე ტარდება. სოფელ ჯიხაშკარში გახსნილ კიდევ ერთ, 79-ე უბანზე 12 საათის მდგომარეობით აქტივობამ 19.2%, ხოლო განმუხურში მდებარე 38-ე უბანზე – 14.3% შეადგინა. სამივე ამ უბანში ჯამში 2 844 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მარნეულის 36–ე საარჩევნო ოლქის 48–ე უბანზე, სადაც ასევე ტარდება მაჟორიტარული არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა, შუადღისთვის 1 436 რეგისტრირებული ამომრჩევლის 20.6%-მა მისცა ხმა, ცესკოს ცნობით.  

ზუგდიდსა და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით გაირკვევა გახდება თუ არა ამ ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების დანიშვნა საჭირო. 

არსებული მონაცემებით, მარნეულში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი (47.91%) ქართული ოცნების კანდიდატს თამაზ ნავერიანს (43.41%) 907 ხმით უსწრებს. პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის დაძლევაა აუცილებელი.

ზუგდიდში ერთმანეთს უპირისპირდებიან ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ნაციონალური მოძრაობიდან (45.71%) და ქართული ოცნების კანდიდატი ედიშერ თოლორაია (47.37%) – ეს უკანასკნელი 372 ხმით იგებს პირველ ტურში.

გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგებით, ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 723 ხმით უსწრებს ქართული ოცნების კანდიდატს – ამ შემთხვევაშიც ზუგდიდის სამ უბანზე დანიშნული განმეორებითი კენჭისყრის შედეგები გადაწყვეტს გამგებლის არჩევნების მეორე ტურის საჭიროების საკითხს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version