ყირგიზეთის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი, რომელმაც ორდღიანი ვიზიტი საქართველოში ოთხშაბათს საღამოს დაიწყო, თავის ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

13 ოქტომბერს ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ყირგიზეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე განაცხადა, რომ ყველა საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. პრეზიდენტმა ატამბაევმა ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს სიტუაცია, სადაც მხოლოდ ერთ მხარეს შეიძლება დაბრალდეს ყველაფერი.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავის ყირგიზ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის „მტკიცე მხარდაჭერისთვის“. 

„ეს არის ისტორიული ვიზიტი, რომელიც შედგა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელთაც აკავშირებთ დიდი ხნის წარსული და რომელთაც აქვთ საინტერესო პერსპექტივა მომავალში“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დაეთმო საქართველოს და ყირგიზეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და ამ თემების გაღრმავებას. საქართველო, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდი უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ჩვენ მზად ვართ ჩვენს პარტნიორებთან განვახორციელოთ ამ თვალსაზრისით ღრმა და ყოვლისმომცველი პროექტები. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა; ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების საკითხებზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

თბილისიდან პრეზიდენტი ატამბაევი 13 ოქტომბერს ერევანში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაში, რომელიც რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს აერთიანებს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version