აშშ–ის საელჩოს განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე

აშშ–ის საელჩომ თბილისში განაცხადა სამშაბათს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „კარგად იყო ორგანიზებული“ და „ძირითადი თავისუფლებების დაცვით“ ჩატარდა.

მან „ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევების“ სრული და დაბალანსებული გამოძიებისკენ მოუწოდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებათა ოფისის შეფასებით ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა 8 ოქტომბერს“, – განაცხადა საელჩომ.  

„აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მინდინარეობდა წესრიგის დაცვით, მაგრამ ვწუხვართ, რომ დაძაბულობამ იმატა დღის განმავლობაში და ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს საარჩევნო უბნებში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

„მტკიცედ ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევას და მოვუწოდებთ ყველა ამ ინციდენტის სრული და დაბალანსირებული გამოძიებისკენ კანონის უზენაესობის დაცვით“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ.

„ეს არჩევნები პირველი ნაბიჯია იმ პროცესში, რომელიც მოიცავს მეორე ტურებს. მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს წყნარი და მშვიდობიანი გზით მიუდგნენ ამ არჩევნებს და გადაჭრან არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ და დასძინა, რომ „გავაგრძელებთ პროცესის მონიტორინგს, შესაბამისად დავაკვირდებით მომავალ საარჩევნო კამპანიასა და მეორე ტურებს“.

ასევე 11 ოქტომბერს აშშ–ის ელჩმა თბილისში, იან კელიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას, რომ საელჩო ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს.

როდესაც მას ახალი პარლამენტისთვისა და მეორე ტურებისთვის ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე  ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარე დისკუსიების შესახებ კითხეს, აშშ–ის ელჩმა უპასუხა: „ჩვენ დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს და მის განვითარებას, ხოლო მისი განვითარების, დემოკრატიული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის მრავალპარტიული პლურალისტური დემოკრატია“.

„ვფიქრობ, ნაციონალურმა მოძრაობამ კარგი კამპანია განახორციელა და ისინი უნდა ამაყობდნენ იმ კამპანიით, რომელიც მათ ჩაატარეს და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამ სიტუაციას წყნარად და მშვიდობიანად მიუახლობდენიან და საკუთარ ადგილებს დაიკავებენ, როცა ამის დრო მოვა“, – განაცხადა იან კელიმ.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ კამპანიაში ვართ ჩართულები. იმედი გვაქვს, რომ ისეთივე პროფესიონალურ კონკურენციას განაგრძობენ, როგორც ეს პირველ ტურში იყო“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version