ცესკო მერისა და ხუთი გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ერთ ქალაქსა და ხუთ მუნიციპალიტეტში  8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულ მერისა და გამგებლების რიგგარეშე არჩევნებში პირველივე ტურში სავარაუდოდ ორი გამგებლის არჩევა გახდა შესაძლებელი; დანარჩენ ოთხ ოლქში კი, მათ შორის იმ ორ ადგილას, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ლიდერობენ, მეორე ტურებია მოსალოდნელი.

რიგგარეშე არჩევნები ქალაქ ახალციხეში მერის, ასევე ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად ჩატარდა, რადგან ქართულმა ოცნებამ მუნიციპალიტეტების ყოფილი ხელმძღვანელები მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა შესაბამის ოლქებში.

რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგებით, ჭიათურაში ხმათა 51%-ით ქართული ოცნების კანდიდატმა ზურაბ კუპატაძემ გაიმარჯვა, ვინაიდან 50%-იანი ბარიერი გადალახა; წალენჯიხაშიც ასევე ქართული ოცნების კანდიდატი ბესიკ ფარცვანია იმარჯვებს ხმათა 58.74%-ით. ამ შედეგების დამტკიცების შემთხვევაში, მათ გამგებლად მუშაობა ერთი წლის ვადით, 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოუწევთ.

ქალაქ ახალციხის მერის, ისევე როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები, შესაბამისად, ირაკლი ერეკლიშვილი (45.98%) და ბესიკ გაბუნია (45.28%) ლიდერობენ, თუმცა იმის გამო, რომ მათ ხმების ნახევარზე მეტი ვერ დააგროვეს, მეორე ტურში მოუწევთ ქართული ოცნებიდან ოპონენტ კანდიდატებთან, შესაბამისად, ვლადიმერ ზედგენიძესთან (36.99%) და ლაშა გოგიასთან (43.35%) დაპირისპირება.

წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურის დანიშვნა გახდება ასევე საჭირო ბოლნისში ქართული ოცნების გამგებლის კანდიდატს დავით შერაზადიშვილს (48.69%) და  მის მთავარ კონკურენტს ნაციონალური მოძრაობიდან ტრისტან ბერიძეს (30.72%) შორის; სავარაუდოდ, ასევე მეორე ტური გამოავლენს გამარჯვებულს ხარაგაულში ქართული ოცნების კანდიდატს ნიკოლოზ თოფურიძეს (49.87%), რომელსაც 50%-იანი ბარიერის დასაძლევად სულ ცოტა დააკლდა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თამაზ ლომიძეს (23.18%) შორის.

Exit mobile version