საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება საპარლამენტო არჩევნებზე

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში გაიმართა, სადაც ძირითადი თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო“, განაცხადა OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიამ კვირას გავრცელებულ წინასწარ დასკვნაში

საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გახსნამ და კენჭისყრამ „დადებითი“ შეფასება დაიმსახურა, თუმცა ხმების დათვლის პროცესი „გაცილებით უარესად შეფასდა“.

„უბნების 31 პროცენტში ხმის დათვლა ცუდად, ან ძალიან ცუდად შეფასდა. ხმების დათვლის უარყოფითი შეფასებები უფრო მეტად საუბნო სარჩევნო კომისიების მხრიდან პროცედურების დაუცველობით იყო გამოწვეული, ვიდრე განზრახ გაყალბებით“, – განაცხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ.

ამ კუთხით წინასწარი დასკვნებში ჩამოთვლილია პროცედურული დარღვევები, მათ შორის ის, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა არ გააბათილეს გამოუყენებელი ბიულეტენები მანამდე, ვიდრე ხმების დათვლას დაიწყებდნენ, სათანადოდ არ ჩაალაგეს გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენები, არ შეურიეს ბიულეტენები გადასატანი და უბანში არსებული საარჩევნო ყუთებიდან, ოქმის მონაცემები არ იქნა სათანადოდ გადამოწმებული დათვლის შემდეგ.

„დაკვირვებული შემთხვევების ნახევარში, ხმების დათვლაში არაუფლებამოსილი პირები მონაწილეობდნენ. საარჩევნო უბნების მახლობლად დაძაბულობა ან არეულობა დაფიქსირდა შემთხვევების დაახლოებით 13 პროცენტში. ადამიანები პროცესის ხელის შეშლას ან ჩაშლას, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დაშინებას ცდილობდნენ, რაც ასევე შემთხვევების 5 პროცენტში იქნა გამოვლენილი დაკვირვების შედეგად“, – ნათქვამია ანგარიშში.  

სადამკვირვებლო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არჩევნების „უსაფრთხოების საკითხი“ კენჭისყრის დასრულების შემდეგ ხმის დათვლის დროს დადგა, როცა ძალადობრივმა დაპირისპირებამ ამ პროცესს ხელი შეუშალა ოთხ საარჩევნო უბანზე – მარნეულის 48–ე უბანზე, სადაც ოპოზიციის აქტივისტები საარჩევნო უბანში შეჭრას შეეცადნენ; ქუთაისის 90–ე უბანზე, სადაც უბნის გარეთ ჩხუბი მოხდა და სოფელ ჯიხაშკარის 109–ე და 79–ე უბნებში, სადაც ორი საარჩევნო უბანი დაარბიეს და საარჩევნო დოკუმენტაცია გაანადგურეს.

„დაჯამება უფრო დადებითად შეფასდა. დამკვირვებლები 58 საოლქო საარჩევნო კომისიას აკვირდებოდნენ, რომელთაგან 46 კომისიაში პროცესი კარგად, ან ძალიან კარგად შეფასდა“, – განაცხადა სადამკვირვებლო მისიამ. 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების გარდა, მისიაში ასევე შედიოდნენ მოკლევადიანი დამკვირვებლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ევროპარლამენტიდან  და ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან.

OSCE/ODIHR–ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს სექტემბრის დასაწყისიდან ახორციელებდა.

მისიამ განაცხადა, რომ კამპანია „კონკურენტულ და საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ცალკეული ძალადობრივი შემთხვევების მიუხედავად“.

„მაშინ, როცა ძირითადი თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო და საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის საქმიანობის თავისუფლად განხორციელება შეეძლოთ, რამდენიმე პარტიამ კანდიდატებისა და კამპანიაში ჩართული პერსონალის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის ბრალდება გაახმოვანა“, – განაცხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ. 

მისიის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ და ამომრჩეველთა სიების მენეჯმენტმა „ნდობა დაიმსახურა“.

ანგარიშის თანახმად, მედია „პლურალისტური“ იყო, თუმცა „მონიტორინგში მონაწილე ზოგიერთი მაუწყებლის კამპანიის გაშუქება ნაკლებად დაბალანსებული“.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version