მარგველაშვილის თქმით, მრავალპარტიულ პარლამენტს მისცა ხმა

შაბათს დილით თბილისის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მან მრავალპარტიულ პარლამენტს მისცა ხმა.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქართულ საზოგადოებას დღევანდელი დღე და მოვუწოდო აქტიურობისაკენ“, – უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბნის გარეთ. 

„დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს სიძლიერისა და დემოკრატიულობისაკენ.  მე მიხარია, რომ ჩემს საარჩევნო უბანზე არის ხალხმრავლობაც და სიმშვიდეც“, – განაცხადა მან. 

„მე ხმა მივეცი მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მრავალი ჯანსაღი და საქართველოზე მოფიქრალი პოლიტიკური ძალა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ მარგველაშვილს რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ არ მიუღია საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. სანაცვლოდ, ის ამომრჩევლებს მაღალი აქტივობისკენ მოუწოდებდა. 

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეა, ასვე მისცა ხმა შაბათს დილით თბილისში.

მან უთხრა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანთან, რომ ხმა მისცა „კიდევ უფრო უკეთეს მომავალს; ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის; ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, როდესაც ისინი საკუთარი თავის და საკუთარი სინდისის წინაშე დარჩებიან, არჩევანს გააკეთებენ კიდევ უფრო უკეთესი საქართველოს მომავლისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დეპუტატმა დავით ბაქრაძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერია, განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ, რომ იგი დარწმუნებულია, რომ „დღეს საქართველოს მოსახლეობა, ჩვენ ყველა ერთად უარს ვეტყვით უნიათობას, უარს ვეტყვით ტყუილს და დაპირისპირებას და ყველა ერთად ავირჩევთ ღირსეულ, დამშვიდებულ და წინ მიმავალ საქართველოს“.

Exit mobile version