კვირიკაშვილი გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა სინანულს გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმის გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვების თაობაზე „ვერ შეცვლის იმას, რომ ევროკავშირი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია მსოფლიოში“.

„გუშინ ბრიტანელთა უმრავლესობამ ხმა მისცა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას. ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, თუმცა პირადად მე ვუერთდები ჩვენი კონტინენტის იმ ლიდერებს, რომლებიც სინანულს გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია კვირიკაშვილის წერილობით განცხადებაში, რომელიც პარასკევს საღამოს გამოქვეყნდა. 

„მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არა აქვს და ის აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ეს რეფერენდუმი ვერ შეცვლის იმას, რომ ევროკავშირი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია მსოფლიოში, რომლის ძალა და სიმტკიცე კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა მან.

„დადგა საკუთარ თავზე დაკვირვების და, ამასთანავე, კონსოლიდაციისა და განახლების დრო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები და კიდევ უფრო განმტკიცდეს და იაროს წინ.  შესაბამისად, იმედის თვალით შევყურებ მომდევნო თვეებს, როცა ევროკავშირი შეასრულებს ისეთი ძლიერი ლიდერის როლს სამეზობლოში, როგორც ეს მსოფლიოში მის კუთვნილ ადგილს შეეფერება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version