დარიალის ხეობაში მოსალოდნელი ღვარცოფის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

დარიალის ხეობაში, ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის მახლობლად, მოძრაობა აიკრძალა მოსალოდნელი ღვარცოფების გამო, განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ ხუთშაბათს.

„განხორციელდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის" თანამშრომელთა ევაკუაცია“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ, „შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს“.

ამავე ინფორმაციით, ეს ქმედება განაპირობა „ამალი-დევდორაკის ხეობაში უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნამ“. პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ხეობაში მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს, ოპერატიულად აცნობა შესაბამის ორგანოებს, რის შემდეგაც საავტომობილო გზა დაუყოვნებლივ ჩაიკეტა“.

გზის იგივე მონაკვეთზე, რომელიც დარიალის ხეობაში გადის, 2014 წელს ორჯერ ჩამოწვა მეწყერი, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაზიანდა გზა, ასევე ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა და მილსადენი, რომლითაც რუსული გაზი სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდება.

ორივე შემთხვევაში, მეწყერი და ღვარცოფი დევდორაკის მყინვარიდან წარმოიშვა მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე, რომელმაც მდინარე თერგის ხეობა ჩახერგა. მდინარე თერგის გასწვრივ გადის გზა, რომელსაც ადრე საქართველოს სამხედრო გზა ერქვა და რომელიც ყაზბეგი–ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტს უკავშირდება.

ეს გზა სომხეთისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც მას რუსეთთან საქართველოს გავლით აკავშირებს.

Exit mobile version