ახალი ამბები

მეჭიაური მოუწოდებს თანამდებობის პირებს, რომლებზეც „მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს“, გადადგნენ

კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატი თამაზ მეჭიაური უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით დამშანტაჟებელთა მიზნების „ლეგიტიმაციაში“ დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ იმ მაღალი თანამდებობის  პირებმა, რომელთა წინააღმდეგაც „მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს“, თანამდებობები უნდა დატოვონ.

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა, რომელიც ერთი კვირით ადრე ჰომოფობიური განცხადების გამო მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, განაცხადა 24 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველ იმ ვიდეოებზე საუბრისას, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა და სადაც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსები ფიგურირებდნენ, რომ „უმაღლესი თანამდებობის პირები, ვინც იკავებენ ამ თანამდებობებს და ისინიც, ვისაც პრეტენზია აქვთ მომავალში დაიკავონ, თუ მათზე არსებობს ასეთი მაკომპრომეტირებელი მასალა, თანამდებობები უნდა დატოვონ“. მან ასევე განაცხადა, რომ „არ შეიძლება უმაღლეს თანამდებობებს იკავებდეს ისეთი ხალხი, რომელთა დაშანტაჟებაა შესაძლებელი“.

ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი შეეცადა გამიჯნოდა მეჭიაურის პოზიციას, რომელმაც ანალოგიური პოზიცია 25 მარტს ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაიმეორა.

მას ასევე დაუჭირა მხარი ოპოზიციური პარტია დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ „თუ ვინმეზე არსებობს სერიოზული კომპრომატები, ეს ადამიანები უნდა წავიდნენ“.

14 მარტს რამდენიმე პოლიტიკოსს და ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებით დაემუქრნენ. მუქარის ტექსტი თან ახლდა გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც დაუდგენელი პირების პირადი ცხოვრების ინტიმური კადრები იყო ასახული. მუქარის ადრესატები სამი პოლიტიკოსი, მათ შორის ერთი ოპოზიციონერი და ჟურნალისტი არიან, რომელთაც მოუწოდეს 31 მარტამდე უარი თქვან საკუთარ პროფესიულ საქმიანობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნება დააანონსეს.

ამ მუქარამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 მარტს ფარულად ჩაწერილი ინტიმური კადრების ამსახველი ცალკე ვიდეო გავრცელდა YouTube-ზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ერთ–ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიგურირებდა.

სამოქალაქო კამპანიამ „ეს შენ გეხება“,  რომელმაც 19 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით შანტაჟის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა, 25 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში დაგმო მეჭიაურის მიერ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ეს არის „ფაქტობრივად იმ დანაშაულის ლეგიტიმაცია, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი“, რითიც ის ფაქტობრივად იმ ქმედებების თანამონაწილე ხდება, „რომელთა მიზანს კონკრეტული პირების და საზოგადოების შანტაჟი წარმოადგენდა“. 

ამგვარი „განცხადებები ჩრდილს აყენებს მთავრობის მეთაურის, საქართველოს პროკურატურის და სხვა მაღალჩინოსანთა განცხადებებს, აღნიშნულ ფაქტების ეფექტური გამოძიების საჭიროებასთან დაკავშირებით. ასევე ვფიქრობთ, რომ დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ცალსახად წარმოადგენს უკვე ჩადენილი თუ სავარაუდოდ დაანონსებული დანაშაულების გამართლებასა და წახალისებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კამპანიაში ჩართულმა ორგანიზაციებმა მეჭიაურს საკუთარი განცხადებების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.

თუმცა, მეჭიაურმა საკუთარი პოზიცია ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში გაიმეორა; გადაცემა სწორედ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიყავდა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით შანტაჟის ერთ–ერთი სამიზნე გახდა. გრიგოლიამ ამ შანტაჟს იმავე დღეს, 14 მარტს საკუთარი გადაცემიდან უპასუხა და აღნიშნა, რომ ამგვარი მუქარით მას ვერ გააჩუმებენ.

მეჭიაურმა განაცხადა, რომ ის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა წინააღმდეგაც კომპრომატები არსებობს ან საჯაროდ უნდა გამოვიდნენ და განაცხადონ, რომ ისინი შანტაჟს არ დაემორჩილებიან, ან უნდა გადადგნენ, ვინაიდან მათ შესაძლოა საფრთხე შეუქმნან ქვეყნის უსაფრთხოებას.

„უამრავი სპეცსამსახურები მუშაობენ ჩვენს საწინააღმდეგოდ, თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნების, განსაკუთრებით ჩრდილოეთიდან. არ შეიძლება შანტაჟისთვის იქნას გამოყენებული ასეთი მასალა? არავინ ცხოვრებას არავის არ უკრძალავს. ან თვითონ უნდა ეყოს  ძალა და გამოვიდეს და თქვას ღირსეულად: „მქონდა მე რაღაც, მაგრამ ვერავითარი ძალა ვერ იმოქმედებს ჩემზე ისე, რომ ჩემი სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედება ჩავიდინო“, – განაცხადა მეჭიაურმა.

„მე მიმაჩნია, რომ თუ არსებობს ისეთი მასალები, რომლითაც შეიძლება დაშანტაჟებულ იქნას ჩვენი უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ფლობენ სერიოზულ საიდუმლოებებს, ასევე ხელი მიუწვდებათ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომელმაც შეიძლება ქვეყნის ინტერესი დააზიანოს, ჩემი აზრით, ისინი უნდა განერიდონ ხელისუფლებას“, – დასძინა მან.

ოპოზიციური დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა,  ნინო ბურჯანაძემ განაცხადა 25 მარტს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, რომ ის „გაოცებულია“ მეჭიაურის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკით.

„ნამდვილად პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი. მაგრამ პოლიტიკოსების მდგომარეობა არის განსაკუთრებული“, – განაცხადა მან. „მე გაოცებული ვარ იმ რეაქციით, რაც გამოიწვია ბატონი მეჭიაურის სიტყვებმა საზოგადოების ნაწილში, როდესაც მას ქოქოლა დააყარეს, რომ როგორ გაბედა მან იმის თქმა, რომ თუ ვინმეზე პოლიტიკური პირებიდან არსებობს სერიოზული კომპრომატები – იქნება ეს პირადი ცხოვრების ამსახველი, თუ რაიმე ტიპის სხვა სერიოზული კომპრომატი – რომ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ. აბა რა უნდა ქნან? არ უნდა წავიდნენ? ნებისმიერი კომპრომატი არის ის, რითიც ადამიანის მანიპულირება შეიძლება… რომლითაც შეიძლება ადამიანი დააშანტაჟო და ადამიანს მიაღებინო ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც ის სხვა შემთხვევაში არ მიიღებდა“.

„ის ადამიანები, მორალური ტერორისტები, ყველა შემთხვევაში უნდა დაისაჯონ…  მაგრამ, მეორეა, რომ, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკოსები, რომლებზეც არსებობს კომპრომატები, უნდა წავიდნენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.  

იმავდროულად, 25 მარტს „ეს შენ გეხებას“ აქტივისტებმა პროკურატურის წინ აქცია გამართეს და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით დაშანტაჟების ფაქტის ეფექტური და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდეს.

ვიდეოების გამოქვეყნებიდან ორ კვირის თავზე „არანაირი პასუხი იმის შესახებ, აქვს თუ არა გამოძიებას რაიმე ხელშესახები ინფორმაცია დამნაშავეების შესახებ, არა გვაქვს“, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა. 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით პასიურობს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მათ არ უნდათ, რომ ეს ყველაფერი გამოიძიონ, თუმცა ვფიქრობთ, რომ უფრო ეფექტურები უნდა იყვნენ“, – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

Related Articles

Back to top button