პრეზიდენტმა პარლამენტს ყოველწლიური მოხსნებით მიმართა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მესამე ყოველწლიური მოხსენებით ამ მოწვევის პარლამენტში თავის ბოლო გამოსვლაში ქვეყნის შესაძლებლობების მაქსიმალური ათვისების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „გამოუყენებელი შესაძლებლობები უკან დახევას ნიშნავს“.

„ძალიან სწრაფი გამოყენება საკუთარი შესაძლებლობების არის წინაპირობა იმისა, რომ რეგიონში არსებულ და გლობალურად არსებულ ურთულეს ვითარებაში, საქართველომ მოახერხოს და წინ გადადგას ნაბიჯი უფრო ეფექტური განვითარებისაკენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა თავის 55-წუთიან გამოსვლაში.

3 თებერვალს მის მიმართვას ქუთაისის პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დეპუტატებთან ერთად ასევე ისმენდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავისი გამოსვლა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ხსენებით დაიწყო და ითხოვა, რომ 2005 წლის 3 თებერვალს მისი „ტრაგიკული“ გარდაცვალებიდან 11 წლის თავზე წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ მისი, როგორც „საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის“ ხსოვნისთვის.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2016 წელი, როცა ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების 25 წლისთავს აღნიშნავს, მან ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა ქვეყნის „ისტორიული არჩევანის“ შესაბამისად.

„ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა კიდევ გრძელდება. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც არა მარტო პოლიტიკურად დამოუკიდებელია, არამედ პოლიტიკურად თავისუფალიც. ეს არის სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, ეს არის ერთობა, სადაც ბატონობენ კანონები და არა ინდივიდები. თავისუფალი საქართველო არის ერთადერთი საქართველო, რომელიც შეძლებს გაერთიანდეს არა მარტო ტერიტორიულად, არამედ შინაარსობრივადაც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.  

‘ორიენტირება სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე’

აღნიშნა რა, რომ გასული წლის მსგავსად, საქართველოსთვის არც 2016 წელი „არ იქნება იოლი“ ეკონომიკური თვალსაზრისით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა  განაცხადა, რომ ქვეყანა „უნდა იყოს ორიენტირებული სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე“.

„მუდმივად ცვალებად განვითარებად სამყაროში აუცილებელია ჩვენი შესაძლებლობებისა და კონკურენტული უპირატესობების სწრაფი და ეფექტური ათვისება“, – განაცხადა მან.  

ამ თვალსაზრისით ის მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას, რომელიც მისი თქმით, მოიცავს „სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებულ რეფორმებს; მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბიზნესის ჩართულობას  და შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფას;  აქცენტს რეგიონულ განვითარებასა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე; და განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების საჭიროებას“.

ამას გარდა, პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვან პერსპექტივას შეუქმნის თავისუფალი ვაჭრობის მისაღწევად მიმდინარე „წარმატებული“ მოლაპარაკებები ჩინეთთან, ასევე შეერთებულ შტატებთან მსგავსი შეთანხმების შესაძლებლობა. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ათვისებული“  ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

მან ასევე ქვეყნის ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობის – სატრანზიტო ფუნქციის „უფრო აქტიური“ ათვისებისკენ,  ლოგისტიკურ პროექტებში საერთაშორისო ინსტიტუტების უფრო აქტიური ჩართვისკენ და ტურიზმის განვითარებისკენ მოუწოდა. 

„ახალი აბრეშუმის გზის თვალსაზრისით ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ადგილას და ვასრულებთ უკვე ისტორიულად ისეთ ფუნქციას, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აქცენტს ანიჭებს“, – განაცხადა მან და უკვე დაწყებული იმგვარი პროექტების გაფართოებისკენ მოუწოდა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი და ა.შ.

მისი თქმით, ამ უკვე განხორციელებულ ან დაგეგმილ პროექტებს ემატება ასევე „ირანის ეკონომიკური პოტენციალის გახსნა“, სადაც საქართველოს შეუძლია „უნიკალური როლი“ ითამაშოს  სპარსეთის ყურისა და ევროპის თანამშრომლობის პროცესში.

ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, მისი თქმით, ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს „ადამიანზე ორიენტირებული“ საბიუჯეტო პოლიტიკა. თუმცა, მისი თქმით, „უფრო ადეკვატური“ უნდა გახდეს ბიუჯეტის სოციალური ხარჯები და „სოციალური მხარდაჭერის დიფერენციაცია უფრო უნდა გაღრმავდეს“, მათ შორის იმ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რომელიც „არის ჩვენი მოქალაქეებისთვის შვების მიმცემი“.

პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმისკენ მოუწოდა

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ქვეყანაში ინსტიტუტების გამართული მუშაობის საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „პოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება არ უნდა გამოიხატოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში“.

ამ კონტექსტში მან სასამართლო სისტემა ახსენა და დეპუტატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის საკითხის განხილვისკენ მოუწოდა. ეს ორგანო დეკემბრიდან მოყოლებული ხშირად ხდება კრიტიკის სამიზნე მისი სადავო გადაწყვეტილების გამო, რომელიც ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელახლა დანიშვნას და ზოგადად იმ წესებს, ეხება, რომელთა საფუძველზეც მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა ხდება.  კრიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა მიმდინარე კვირას, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა გამოთქვა ეჭვი, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის დროს ტესტები წინასწარ გახდა ხელმისაწვდომი სულ ცოტა ერთი კანდიდატისთვის.

„[მოსამართლის] შერჩევის პრინციპები და პროცედურები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, „ამავე დროს, საზოგადოების მხრიდან დაისვა ბევრი კითხვა ბოლო დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებულ საკადრო გადაწყვეტილებებზე“.

„ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია ის რეფორმები, რომელიც განხორციელდება ამ მიმართულებით, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ინიციატივა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ამ ინიციატივების ფარგლებში შესთავაზა დაინერგოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებასთან დაკავშირებული  გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი; შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მექანიზმი იმგვარად, რომ საბჭოში პროპორციულად, სამი წევრით იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სამივე ინსტანცია – საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოები; მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემის უფლება; გაძლიერდეს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და მართლმსაჯულების კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შემდგომი რეფორმირება სჭირდება ასევე სამართალდამცავ ორგანოებს და პროკურატურას. მისი თქმით, პროკურატურის შესახებ კანონში შარშან პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები, ძირითადად, მთავარი პროკურორის არჩევის ახალ წესებს ეხებოდა.

„მე ვფიქრობ, რომ პროკურატურაში რეალური რეფორმა უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა მან.

 „ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიმაჩნია საპროკურორო საბჭოს დაეკისროს პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება. ამასთან, გაძლიერდეს საბჭო სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლის მეცნიერთა წარმომადგენლობით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

‘რისკები ღრმავდება’

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რისკები ჩვენი რეგიონის მასშტაბით შარშან კი არ შემცირდა, არამედ გაღრმავდა“. 

„არსებული საფრთხეების და გამოწვევების საპასუხოდ საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების თვალსაზრისით“, – განაცხადა მან და განაგრძო, რომ ხორციელდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი, გაიხსნა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, ასევე დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით გასულ წელს ჩატარდა ერთობლივი სამხედრო წვრთნები და „შარშანვე საფრანგეთთან ხელმოწერილი კონტრაქტების საფუძველზე დაიწყო თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შექმნის პროცესი“. 

„საქართველოს უსაფრთხოების პრიორიტეტად რჩება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ გამოვიყენებთ ნატოს მიერ მოცემულ ყველა ინსტრუმენტს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაღრმავებლად და ამასთან ერთად, იმ რთულ ვითარებაში, რომელიც არსებობს, გავაგრძელებთ ძალისხმევას საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად – ეს არის სტრატეგიული მიზანი“, – განაცხადა მან და აღნიშნა, საქართველოს წვლილი, რომელიც მას საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვს. 

მან ასევე ისაუბრა პროაქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებისა და მსოფლიოს დღის წესრიგში საქართველოს თემატიკის აქტიურად წარმოჩენის საჭიროებაზე. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნა საქართველოს პროგრესი ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში და განაცხადა, რომ „ბუნებრივია, 2016 წელს ჩვენ ველით, რომ ევროპულ სახელმწიფოთა კარებები გაიხსნება საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლისვლისთვის“. 

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-სთან, როგორც „მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან“, ორმხრივ ურთიერთობებში „ახალი იმპულსია გასაჩენი“ და ამ მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებთან ერთად, „ბევრი სხვა მიმართულებითაც არის პოტენციალი“, რათა საქართველო „უფრო აქტიურად ჩანდეს შეერთებული შტატების პოლიტიკურ რადარებზე“.

„ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მიზნად დავისახოთ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალ საფეხურზე ასვლა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხორციელება“, – განაცხადა მან, „ახალ საფეხურზე გადასვლა ასევე გულისხმობს სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან რეგიონალურ მოთამაშედ ჩამოყალიბებას. ევროპული საქართველო უნდა იქცეს ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის პლაცდარმად“.  

რუსეთთან ურთიერთობები

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთზე და განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები „ევროპული პოლიტიკის ჭრილში უნდა იყოს წარმოჩენილი“. 

„როგორც ყველა სხვა ქვეყანასთან, საქართველო რუსეთთანაც ესწრაფვის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობებს“, – განაცხადა მან, „ვერც ერთი ქვეყნის, მათ შორის ვერც რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მისი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფით“. 

„როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვადასტურებ საქართველოს სწრაფვას კეთილმეზობლური, ერთმანეთის ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობებისათვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სანამ  ასეთი დიალოგი შედგება რუსეთთან, უნდა გაღრმავდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკა. 

„ამ პოლიტიკის პარალელურად, ჩვენ მუდმივად ვუგზავნით გზავნილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობის მაქსიმალური შესაძლებლობა“, – განაცხადა მან. 

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა რუსული „რბილი ძალის შეტევების განეიტრალება“. მისი თქმით, რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას რბილი ძალის სახით და ამ კონტექსტში „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები ახსენა. 

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთს ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება სურს. ამიტომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

‘2016 წლის არჩევნები – მთავარი პოლიტიკური გამოწვევა’

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „მთავარი პოლიტიკური გამოწვევა“ ქვეყნისთვის წელს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება, რომელიც „ევროპული სტანდარტებით“ უნდა ჩატარდეს, რისკენაც 2012 წლიდან მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება.   

„არჩევნებთან დაკავშირებით არ უნდა დაისვას კითხვები“, – განაცხადა მან, „თუ დაისმევა ასეთი კითხვები საზოგადოების და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრივ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ის, რასაც ვიღებდით წლების განმავლობაში, რომ არჩევნების შედეგად მოგებული უნდა იყოს არა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, არამედ მოგებული უნდა იყოს საზოგადოება და ქვეყანა – მოიგოს ამომრჩეველმა და მანვე განსაზღვროს, რომელიც პოლიტიკური ძალა უნდა მართავდეს ქვეყანას“.  

მან მოუწოდა, რომ საარჩევნო კონკურენცია არ იქცეს დაპირისპირებად „მტრებთან“. „მიზანი უნდა იყოს არა განადგურება, არამედ გამარჯვება“, – დასძინა მარგველაშვილმა მოახლოებული საარჩევნო კამპანიის კონტექსტში. 

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა 2016 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ, რაზეც ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, თუმცა განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მმართველ კოალიცია ქართულ ოცნებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 2016 წლის არჩევნების შემდეგ აქვს განზრახული, როცა დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი ამ ცვლილების წლევანდელი არჩევნებისთვის გატარებას ითხოვს. ორივე ამ საკონსტიტუციო კანონპროექტზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს მსჯელობას. 

„მოვუწოდებ პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო ცვლილება 2016 წელს განახოციელოს“, – განაცხადა მარგველაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანონმდებლობაში საჭირო ცვლილებები „ფორსმაჟორში“ აღარ უნდა განხორციელდეს. 

ამ კონტექსტში მან ასევე  მეტი დეცენტრალიზაციისკენ და თვითმმართველობისთვის უფრო მეტი და „რეალური“ ძალაუფლების გადაცემისკენ მოუწოდა. 

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ასევე გაამახვილა ყურადღება პარტიების გაძლიერების საჭიროებაზე, რათა „ისინი გახდნენ უფრო სტაბილურნი, გამსხვილდნენ და გაუჩნდეთ სტაბილური ამომრჩეველი“, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს, რომ „ორპოლუსიანი“ პოლიტიკური დაპირისპირება გადაიზარდოს „უფრო მრავალფეროვან პოლიტიკურ პალიტრაში“, სადაც ამომრჩეველს არჩევანი აღარ ექნება „ცუდსა და უარესს შორის“.  

გიორგი მარგველაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობას ევროპული ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში და განაცხადა, რომ „სეკულარიზმის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პრაქტიკები“ უნდა გაძლიერდეს.

დეპუტატების რეაქციები

გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტს სულ რაღაც ერთი თვის შუალედში მიეცა შესაძლებლობა  მოესმინა, როგორც პრეზიდენტისთვის, ისე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო პროგრამისთვის მისი კაბინეტის დამტკიცების დროს. 

„მე პირადად მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დავინახეთ ძალიან ერთიანი და ერთნაირი მიდგომები, პათოსი, ხედვა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის, უახლოესი პრიორიტეტების – ეს არის დამაიმედებელი“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

პარლამენტში გამოცხადებული შესვენების შემდეგ პრეზიდენტის გამოსვლას ფრაქციების ლიდერების დებატები მოყვა, რასაც მთავრობის წევრები უკვე აღარ დასწრებიან. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის  „დღევანდელი ტონი არ იყო საკმარისად კრიტიკული და ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს“, რაც შესაძლოა გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან პრეზიდენტისკენ გადადგმული „შემხვედრი ნაბიჯებით“ იყოს განპირობებული, თუმცა ბობოხიძის შეფასებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის საწინააღმდეგო დამოკიდებულება შეიცვალა.  

დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა, რომ ქვეყანას მართავს „არაუფლებამოსილი პირი“ – ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ყველა სტრუქტურა ემორჩილება და „შესაბამისად, თავისუფალი ვერ იქნება ქვეყანა, რომელსაც მართავს ერთი ადამიანის  ახირება“.  მისი თქმით, პრეზიდენტს შეეძლო ხელი შეეწყო „პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნის“ შეწყვეტისთვის, თუმცა მან ეს არ გააკეთა, როცა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეწყალებაზე უარი თქვა. 

„როგორც საგარეო პოლიტიკაში, ისე საშინაო პოლიტიკაში… ამ ოთხი წლის განმავლობაში მივიღეთ სრული არაფორმალური მმართველობა“, – განაცხადა მან. 

ქართული ოცნების დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით ბერძენიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა პრეზიდენტ მარგველაშვილის მაღალ რეიტინგს და განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად მის წარდგენაში, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო,  რესპუბლიკელებს მონაწილეობა არ მიუღიათ და არც იმ კამპანიაში ჩართულან, როცა „ლამის ჯვაროსნული ლაშქრობა გამოცხადდა პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ“ და ეს მოხდა არა „რაიმე პოლიტიკური სიახლოვის“ გამო, არამედ იმიტომ, რომ „პრეზიდენტი არც მტერია და არც მეგობარი – პრეზიდენტი ინსტიტუტია“. 

ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში „ახალი პოლიტიკური რეალობაა“ შექმნილი მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდა და მისი წინამორბედისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, პრეზიდენტთან კონფრონტაციული ურთიერთობები შეწყვიტა. 

„თუ ჩვენ გვსურს ევროპული არჩევანი, თუ ჩვენ გვსურს საბოლოოდ დავემშვიდობოთ პოსტ-საბჭოურობას, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ქართული პოლიტიკა უნდა იყოს ევროპული და კოალიციური“, – განაცხადა ბერძენიშვილმა და ოპონენტების მისამართით დასძინა, რომ „ორკესტირებული, შეკვეთილი კამპანია –  იქნება ეს ანტირესპუბლიკური თუ სხვა პარტიის წინააღმდეგ მიმართული – განწირულია მარცხისთვის“.

„ამ ტრიბუნიდან ღია ტექსტით ვამბობ, რომ საქართველოს პერსპექტივები, მისი პოლიტიკის დეპერსონალიზაცია, ფორმალიზება სრული ქართული პოლიტიკის არის 2016 წლის ამოცანა“, – დასძინა მან.  

ქართული ოცნების დეპუტატმა და მრეწველთა პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ მარგველაშვილი არ არის ივანიშვილის „მადლიერი“, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის მის გაპრეზიდენტებაში. მან გიორგი მარგველაშვილს ასევე განუცხადა: „თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ და ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ პრეზიდენტობაც არ უნდა გეკადრათ“. ამ სიტყვებს პრეზიდენტ მარგველაშვილის ძალიან გაკვირვებული რეაქცია მოყვა. 

მოგვიანებით, ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერმა გია ვოლსკიმ თავის გამოსვლაში გააკრიტიკა თოფაძე „არაკორექტულობის“ გამო და განაცხადა, რომ თუ ის მის მიერ მოყვანილ ციტატას ვერ დაადასტურებს, „ბოდიშის მოხდა მოუწევს პრეზიდენტისათვის“. 

ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატი ვიქტორ დოლიძე მიესალმა პრეზიდენტის ყოვლისმომცველ გამოსვლას და ორი ინიციატივა შესთავაზა მას. ერთი ეხებოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაძლიერებას მისთვის პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაქვემდებარების გზით, ხოლო მეორე იმ დოკუმენტის შექმნისკენ მოუწოდებდა, რომლითაც პარტიები წინასაარჩევნოდ თამაშის წესებზე შეთანხმდებიან. 

პრეზიდენტმა დასკვნით სიტყვაში გამოთქვა მზადყოფნა თავისი წვლილი შეიტანოს პარტიების შესაძლო შეთანხმებაში, რაც მისი თქმით, „იქნება ძალიან კარგი გზავნილი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“.

Exit mobile version