საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2015 წელს

„საქსტატის“ მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2015 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 13%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 9.92 მილიარდ აშშ დოლარს ოდნავ გადააჭარბა; უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3.7%–ით შემცირდა  წინა წელთან შედარებით და 5.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2015 წელს იმპორტის მოცულობა 10.1%–ით შემცირდა და 7.72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

თუმცა იმპორტის რეალური კლება უფრო მეტიც იყო და 15%–ს ოდნავ გადააჭარბა, თუ გამოვაკლებთ C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ერთჯერად იმპორტს, რომლის ღირებულებამაც, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს 400 მილიონი ევრო შეადგინა.  

ამ ერთჯერადი იმპორტის ღირებულების გამოკლების შედეგად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გასულ წელს 11.3%–ით შემცირდა და 5.08 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის მოცულობა 2015 წელს 23%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 2.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის და ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირებამ და ასევე რუსეთში ექსპორტის კლებამაც გამოიწვია.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2015 წელს 6%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 3.16 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტმა ევროკავშირში 646 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 4%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით და რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 29%–ს შეადგენს (2014 წელს – 22%). იმპორტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 6%–ით გაიზარდა და 2.51 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 33%–ია (2014 წელს – 28%).

დსთ–სთან ვაჭრობა 2015 წელს 22%–ით შემცირდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2015 წელს.

ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 44%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 840 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 38%–ს შეადგენს (2014 წელს – 51%). იმპორტი დსთ–ს ქვეყნებიდან 7%–ით შემცირდა და 1.96 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 25%–ს შეადგენს (იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა 2014 წელს).

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2015 წელს 1.51 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი თურქეთში 22.2%–ით შემცირდა 2015 წელს და 186 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო იმპორტი 23%–ით შემცირდა და 1.33  მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

თურქეთის შემდეგ მოდის რუსეთი, რომელთაც სავაჭრო ბრუნვამაც 2015 წელს 788.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი რუსეთიდან 8.7%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 2015 წელს 625.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ექსპორტი რუსეთში 40.7%–ით შემცირდა და 162.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადად, ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტის კლების გამო. რუსეთში ღვინის ექსპორტი 2014 წელს არსებული 111.4 მილიონი აშშ დოლარიდან 43.3 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა 2015 წელს, ხოლო მინერალური წყლების ექსპორტის ღირებულება განახევრდა და 33 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთი საქართველოს მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის და სომხეთის შემდეგ და 2015 წელს ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 7.4% შეადგინა.

მთლიანი სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით, რუსეთის შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 783.3 მილიონი აშშ დოლარით.     

საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში 2014 წელს არსებული 544.5 მილიონი აშშ დოლარიდან 240.4 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა 2015 წელს; ეს ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ გამოიწვია 2014 წელს არსებული 267.9 მილიონი აშშ დოლარიდან 63.5 მილიონ აშშ დოლარამდე 2015 წელს. იმპორტი აზერბაიჯანიდან 14.8%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 542.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2015 წელს.

ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან ბრუნვამაც 2015 წელს 712.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტი ჩინეთში 39.1%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 125.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადად სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტის ზრდის ხარჯზე. იმპორტი ჩინეთიდან 19.9%–ით შემცირდა და 586.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მთლიანი სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით, ჩინეთს მოყვება უკრაინა 515 მლნ აშშ დოლარით;   გერმანია – 507 მლნ აშშ დოლარით; ირლანდია – 458.4 მლნ აშშ დოლარით (ეს მაჩვენებელი ძირითადად ირლანდიიდან განხორციელებულ იმპორტს მოიცავს, რადგანაც ამ ქვეყანაში საქართველოს ექსპორტმა მხოლოდ 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2015 წელს); ბულგარეთი – 381.8 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 355.5 მლნ აშშ დოლარი; სომხეთი –  351.7 მლნ აშშ დოლარი.

2015 წელს უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 270.6 მილიონი აშშ დოლარით (9.1%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 194.5 მილიონი აშშ დოლარით (31.9%–იანი კლება); ავტომობილების რეექსპორტი, რომელიც წინა წლებში უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფს წარმოადგენდა, ახლა მესამე ადგილზეა 179.6 მლნ აშშ დოლარით (65.3%–იანი კლება);  თხილი –176.4 მილიონი აშშ დოლარი (3.8%–იანი კლება); სამკურნალო საშუალებები – 140.6 მლნ აშშ დოლარი (52.8%–იანი ზრდა); აზოტოვანი სასუქები – 109.7 მლნ აშშ დოლარი (20.2%–იანი კლება); ღვინო – 95.79 მლნ აშშ დოლარი (46.9%–იანი კლება); ნედლი ნავთობი – 84.67 მლნ აშშ დოლარი (2014 წელს – 36.1 მლნ აშშ დოლარი); მინერალური წყლები – 82.2 მლნ აშშ დოლარი (40%–იანი კლება); არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 64.8 მლნ აშშ დოლარი (31.8%–იანი კლება).

C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ერთჯერადი იმპორტის წყალობით 2015 წელს სამკურნალო საშუალებების ჯგუფი საქართველოს იმპორტის სიის სათავეში მოექცა 745.3 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 657.4 მლნ აშშ დოლარი (28.4%–იანი კლება წინა წელთან შედარებით); მსუბუქი ავტომობილები – 461.26 მლნ აშშ დოლარი (35.5%–იანი კლება); ნახშირწყალბადები – 419.4 მლნ აშშ დოლარი (13.8%–იანი ზრდა); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 207.8 მლნ აშშ დოლარი (25.7%–იანი ზრდა); სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 148.9 მლნ აშშ დოლარი (23.8%–იანი კლება);  ხორბალი – 118.6 მლნ აშშ დოლარი (21.8%–იანი კლება); სიგარეტი – 103.5 მლნ აშშ დოლარი (10.3%–იანი კლება); მილები და მილაკები შავი ლითონებისაგან – 68.2 მლნ აშშ დოლარი (2014 წელს – 6.8 მლნ აშშ დოლარი); მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან – 63.5 მლნ აშშ დოლარი (30%–იანი კლება წინა წელთან შედარებით).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version