სოხუმმა თურქული თევზმჭერი გემების მომსახურებაზე უარის თქმა გადაიფიქრა

აფხაზეთის თევზის მწარმოებლები განაგრძობენ თურქული თევზსაჭერი გემების დაქირავებას ქაფშიების დასაჭერად, იტყობინება „აფსნიპრესი“ 16 იანვარს სეპარატისტული რეგიონის ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის საველი ჭითანავას სიტყვებზე დაყრდნობით.

დეკემბრის შუა რიცხვებში, იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც  ნოემბერში თურქეთის მიერ  რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვსა და ანკარას შორის შეიქმნა, რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ „როსრიბოლოვსტვომ“ განაცხადა, რომ რუსული თევზსაჭერი გემები „აფხაზეთის წყლებში“ დაიწყებენ თევზჭერას და შესაძლოა, მათ თურქული თევზმჭერი გემები ჩაანაცვლონ.

ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ საველი ჭითანავამ განაცხადა, რომ მართალია თავდაპირველად თურქული გემების რუსულით ჩანაცვლება იგეგმებოდა, მაგრამ მოლაპარაკებების შემდეგ ეს გეგმა გაუქმდა, რადგანაც ის გემები, რომელთა გამოყოფაც რუსეთს შეუძლია, ყოველდღიურად მხოლოდ 500–600 ტონა ქაფშიის დაჭერას  მოახერხებენ მაშინ, როდესაც თევზის საწარმოებს აფხაზეთში დღეში დაახლოებით 3 000 ტონის გადამუშავება შეუძლიათ.

„თურქული გემებისთვის უარის თქმა აფხაზეთში თევზრეწვის სექტორის განადგურების ტოლფასი იქნებოდა… საიდანაც შარშან აფხაზეთის ბიუჯეტში, დაახლოებით, 200 მილიონი რუბლი შევიდა“, – განუცხადა ჭითანავამ „აფსნიპრესს“ და დასძინა, რომ რუსული თევზმჭერი გემებიც მიიღებენ მონაწილეობას ქაფშიის დაჭერაში აფხაზეთის შავის ზღვის სანაპიროს გასწვრივ.

11 იანვარს სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრმა არტურ მიქვაბიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მინისტრებს 20 იანვრამდე კონკრეტული შეზღუდვების ნუსხის წარდგენა დაევალათ, რომელთაც სეპარატისტული რეგიონი თურქეთთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში შემოიღებს იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც თურქეთისთვის დაწესებულ რუსულ სანქციებთან სოხუმის შეერთებას გულისხმობს. სია მთელ რიგ შეზღუდვებს მოიცავს, დაწყებული „კონტროლის გაძლიერებით“ თურქულ არაკომერციულ ორგანიზაციებზე, რომლებიც აფხაზეთში ფუნქციონირებენ და დამთავრებული თურქეთიდან ზოგიერთი პროდუქციის იმპორტის აკრძალვით. განკარგულებით უკვე აიკრძალა აფხაზეთში რუსეთის ფინანსური დახმარებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თურქული კომპანიების ან იმ ორგანიზაციების დაქირავება, რომელთაც თურქეთის მოქალაქეები „აკონტროლებენ“.

საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე აფხაზეთში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაა. საქართველოს სანაპირო დაცვამ 2013 წელს სულ ცოტა ოთხი თურქული გემი დააკავა სეპარატისტულ რეგიონში უკანონო შესვლის გამო; მას შემდეგ ამგვარი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

 

 

Exit mobile version