გარდაბანში გამგებლის არჩევნებში მხოლოდ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იბრძოლებენ

გარდაბანში 28 იანვრისთვის დანიშნულ გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს მმართველი კოალიცია ქართული ოცნებიდან და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობიდან.

მმართველმა კოალიციამ თავის კანდიდატად ყოფილი ფეხბურთელი და ეროვული ნაკრების ყოფილი წევრი გოჩა ჯამარაული წარადგინა, რომელიც წარმოშობით გარდაბნიდან არის.

მისი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი იქნება, რომელიც ყოფილი სახელისუფლებო პარტიის სახელით გარდაბნის გამგებლობისთვის 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც იბრძოდა, თუმცა მან ხმათა 27.86% მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო.

მაშინ გამგებელი ქართული ოცნებიდან გელა ნიორაძე გახდა, თუმცა 2015 წლის ნოემბრის ბოლოს ის გარდაიცვალა, რის გამოც დეკემბერში გარდაბნის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გახდა საჭირო.

28 იანვრის არჩევნებისთვის სულ სამი საარჩევნო სუბიექტი დარეგისტრირდა, თუმცა განსხვავებით ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობისგან, ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გამგებლის კანდიდატი არ წარადგინა. 

კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაბნის 71 968 ამომრჩეველს ამჟამინდელ და ყოფილ სახელისუფლებო ძალების კანდიდატებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

გამგებლის არჩევნების პირველივე ტურში მოსაგებად ხმათა 50%-ზე მეტის მიღებაა საჭირო.

რიგგარეშე არჩევნებში გამგებელი შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით ირჩევა. ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს უფლებამოსილება 2017 წლის ოქტომბერში ეწურებათ.

Exit mobile version