2015 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 6.9%–ით გაიზარდა და 5.89 მილიონი შეადგინა



ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს ვიზიტების ზრდის დინამიკას 2006–2015 წლებში და ყოველწლიურ პროცენტულ ცვლილებას. ეს მაჩვენებლები წარმოადგენს შემოსვლების მთლიან რაოდენობას, ვიზიტების მიზნის მიხედვით მათი დაყოფის გარეშე. წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

2015 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 5 897 685-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 6.9%-იანი ზრდაა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკურ მონაცემებს საზღვრის კვეთის მაჩვენებლების საფუძველზე ადგენს.

ამ მონაცემებში „ტურისტებად“ ის ვიზიტორები არიან კვალიფიცირებულები, რომლებიც საქართველოში შემოდიან და ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით ჩერდებიან.

5.89 მილიონი ვიზიტორიდან,  2 278 562 „ტურისტი“ იყო, რაც 2.2%–იანი ზრდაა 2014 წელთან შედარებით.

ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს 2015 წელს მეზობელი სახელმწიფოებიდან ეწვია.

ამ სიაში სომხეთის მოქალაქეები ლიდერობენ 1.46 მილიონი შემოსვლით საქართველოში, რაც 10.7%-იანი ზრდაა 2014 წელთან შედარებით; შემდეგ მოდიან აზერბაიჯანის მოქალაქეები – 1.392 მილიონი შემოსვლით (8.5%–იანი ზრდა 2014 წელთან შედარებით); თურქეთის მოქალაქეები 1.391 მილიონი შემოსვლით (3.5%–იანი კლება – თურქეთის მოქალაქეები წინა ოთხი წლის მანძილზე ლიდერობდნენ); რუსეთის მოქალაქეები – 925 061 (14%–იანი ზრდა); უკრაინის მოქალაქეები  – 141 656 (1.3%–იანი კლება).

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში სტუმრობა 4%-ით გაიზარდა 2015 წელს წინა წელთან შედარებით და 240 838-ს მიაღწია.

საქართველოს მიერ ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ შემუშავებული გრძელვადიანი სტრატეგიის თანახმად, 2025 წლისთვის საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 11 მილიონს მიაღწევს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალი არსებული 1.8 მილიარდი  აშშ დოლარიდან 5.5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version