“ტაბულას” დირექტორი ორ ადამიანთან ერთად თბილისის ცენტრში პოსტერების გაკვრის გამო დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს



კადრი „რუსთავი 2“–ის სიუჟეტიდან, სადაც „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პოსტერს აკრავს, რომელზეც სავარაუდოდ „გაზპრომის“ ფორმაში ჩაცმული ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილია გამოსახული .

სამართალდამცველებმა პარასკევს "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, არხის გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს, როდესაც ისინი ოპერის წინ მდებარე ღობეზე პოსტერებს აკრავდნენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში. დაკავებიდან რამდენიმე საათში ისინი გააათავისუფლეს.

შაბათს  კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იგეგმება ენერგეტიკის მინისტრის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადების წინააღმდეგ. მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისი რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომიდან“ გაზის მოწოდების გაზრდის  საკითხს განიხილავს, თუ  ეს შემოთავაზება კომერციულად ხელსაყრელი იქნება.

ჩერგოლეიშვილი და კიდევ ორი ადამიანი თბილისის ოპერის მახლობლად დააკავეს.

შსს–ს ინფორმაციით, სამივე მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი, რომელიც იმ ადგილებზე, რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, კრძალავს წარწერების, ნახატების, პლაკატების ან ბანერების განთავსებას. ეს ქმედება იწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. სასამართლო ამ ადმინისტრაციულ საქმეზე მოგვიანებით იმსჯელებს.

როდესაც ჩერგოლეიშვილი პოსტერებს აკრავდა, პოლიციელი  მას ეუბნებოდა, რომ შეეწყვიტა ეს ქმედება, რადგანაც ეს დარღვევა იყო. ჩერგოლეიშვილი პასუხობდა, რომ ის იმ ადგილას აკრავდა პოსტერებს, სადაც სხვა პოსტერები უკვე იყო გაკრული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version