2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა განსახილველად, შემოსავლები 8.355 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 8.373 მლრდ ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლები 7.95 მლრდ ლარზე და ხარჯები 8 მლრდ ლარზეა გათვლილი.

მომავალ წელს მთავრობა საგადასახადო შემოსავლების სახით 7.78 მლრდ ლარის მობილიზებას გეგმავს, რაც 380 მლნ ლარით აღემატება 2015 წელს არსებულ გეგმას. გრანტების სახით მისაღები თანხების მოცულობა თითქმის უცვლელი რჩება და 255 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო „სხვა შემოსავლები“ წლევანდელთან შედარებით 25 მლნ ლარით იზრდება და 320 მლნ ლარი ხდება.

2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. 2015 წელს მშპ-ის ზრდის 5%-იანი თავდაპირველი პროგნოზი ივლისში 2%-მდე შემცირდა საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად. „საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.8% შეადგინა მაშინ, როცა შარშან ამავე პერიოდში მშპ–ს 6.1%–იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, სამინისტროებზე მომავალ წელს თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც შსს-ს 2015 წლის აგვისტოდან გამოეყო და წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში 36 მლნ ლარით ფინანსდება, 2016 წლისთვის, პროექტის თანახმად, 95 მლნ ლარს მიიღებს.

მომავალ წელს პარლამენტი, დაახლოებით, 52 მლნ ლარს მიიღებს, წელს არსებული 46 მლნ ლარის ნაცვლად.

პროექტის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციას არსებული 20.9 მლნ ლარიდან მომავალ წელს 17 მლნ ლარამდე შეუმცირდება დაფინანსება, ხოლო მისი სარეზერვო ფონდის მოცულობა 70 მლნ ლარიდან 50 მლნ ლარამდე დაიკლებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მისი სარეზერვო ფონდის დაფინანსების მოცულობები მომავალ წელს უცვლელად შენარჩუნდება და შესაბამისად, 9.8 მლნ ლარს და 5 მლნ ლარს შეადგენს.

2016 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისია ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამო 58.5 მლნ ლარამდე გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს; ცესკოს დაფინანსება მიმდინარე წელს 22.5 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უმნიშვნელოდ იზრდება სასამართლო სისტემის დაფინანსება: საერთო სასამართლოები – 51 მლნ ლარი (1 მილიონიანი ზრდა); უზენაესი სასამართლო – 6.65 მლნ ლარი (35 ათასი ლარით ზრდა) და საკონსტიტუციო სასამართლო  – 3.4 მლნ ლარი (10 ათასი ლარით ზრდა).

დაახლოებით 2 მლნ ლარით გაეზრდება ასევე დაფინანსება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და 14.5 მლნ ლარს მიაღწევს მომავალ წელს.

2016 წელს ნახევარი მილიონით მეტს მიიღებს სახალხო დამცველის აპარატიც და მისი დაფინანსება 4.5 მლნ ლარი გახდება.

ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების გაზრდა წელს არსებული 40.8 მლნ ლარიდან 43 მლნ ლარამდე მომავალი წლისათვის.

საქართველოს საპატრიარქო 2016 წელს კვლავაც 25 მლნ ლარის ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ამ ეტაპზე არაფერია ნათქვამი პენსიების ზრდაზე. პროექტის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებიდან საპენსიო უზრუნველყოფისთვის წლევანდელთან შედარებით დაახლოებით მილიონი ლარით მეტია გათვალისწინებული და 2016 წელს პენსიის სახით გასაცემლების საერთო მოცულობა 1.48 მლრდ ლარს შეადგენს. ასაკით პენსიონერებს პენსია 2015 წლის 1 სექტემბრიდან 10 ლარით გაეზარდათ 160 ლარამდე.

მომავალ წელს ასევე გათვალისწინებულია მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდის შექმნა, რომლის მოცულობაც, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 20 მლნ ლარი იქნება. ეს ფონდი, ისევე როგორც ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული სხვა სოციალური ხარჯები მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ მიღებული ახალი კანონის მოთხოვნების შესრულებას მოხმარდება. 

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სამხარეო ადმინისტრაციების დაფინანსება  მომავალ წელს უცვლელი დარჩება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა 620 მლნ ლარს შეადგენს, წელს არსებული 854.8 მლნ ლარის ნაცვლად. ამ დანაკლისს, ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობები საშემოსავლო გადასახადის ზოგიერთი იმ სახეობიდან შეივსებენ, რომელიც 2016 წლიდან ცენტრალური ბიუჯეტის ნაცვლად, ადგილობრივ ბიუჯეტებში მიიმართება და ჯამში 300 მლნ ლარს შეადგენს.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საგარეო ვალების და მათი მომსახურების პროცენტის დაფარვისთვის 640 მლნ ლარს, ხოლო საშინაო ვალებზე  – 232 მლნ ლარს ითვალისწინებს. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 2.4 ნიშნულზეა გაანგარიშებული.

ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი 9.8 მლრდ ლარს, ხოლო საშინაო ვალი 2.2 მლრდ ლარს შეადგენდა. მთავრობა 2016 წლისთვის როგორც საგარეო, ისე საშინაო ვალის ჯამურ საპროგნოზო მოცულობად 14.6 მლრდ ლარს ასახელებს.

ბიუჯეტის პირველადი პროექტი საპარლამენტო მოსმენების რამდენიმე ეტაპის შედეგად გადამუშავდება და საბოლოო სახეს ის წლის ბოლოს, დამტკიცების წინ მიიღებს.

Exit mobile version