ახალი ამბები

ნატომ და საქართველომ ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გახსნეს



ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სიტყვით გამოდის ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე კრწანისში, 2015 წლის 27 აგვისტოს. ფოტო: ნატო 

თბილისში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს ლიდერებმა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გახსნეს კრწანისში უკვე არსებული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე.

ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც კრწანისის იმ ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე განთავსდა, სადაც უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები ქართველ ჯარისკაცებს წვრთნიან, ჯერ სრულყოფილად ფუნქციონირებადი არ არის. ცენტრი, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობის იმ „არსებითი პაკეტის“ ნაწილია, რომელიც ალიანსმა საქართველოს შარშან უელსის სამიტზე შესთავაზა, უზრუნველყოფს საქართველოს, ნატოსა და მისი პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცების მომზადებას.

„ბევრი სამუშაო რჩება მანამ, სანამ ეს ცენტრი სრულად ამოქმედდება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ახალი ცენტრის „ინაუგურაციის“ ცერემონიაზე კრწანისში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

„რა თქმა უნდა, ცენტრი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე მისი შენობა და ოფისები“, – განაგრძო მან, „ის მოიცავს საწვრთნელ ადგილებს და პოლიგონებს მთელი საქართველოს მასშტაბით“.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურასთან ერთად, ვაზიანის სამხედრო ბაზის სასწავლო ცენტრიც იქნება გამოყენებული ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრისთვის.

საწყისი ეტაპისთვის, ცენტრის საქმიანობას ამჟამად 6 ოფიცერი უძღვება ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან – დანია, ლატვია, ლიტვა და ნორვეგია, ასევე 8 ქართველი სამხედრო ოფიცერი.

ნატო-ს ცნობით, ცენტრში ქართველი სამხედროების მომზადება 2016 წლიდან დაიწყება, ხოლო პირველი ჯგუფი, რომელიც ცენტრისგან სერთიფიცირებას მიიღებს, მომზადების კურსს მომავალი წლის შუა პერიოდში დაასრულებს. 2016 წლის განმავლობაში ცენტრი ასევე შეუწყობს ხელს საქართველოს, ნატო-სა და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას.

„ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის  ინაუგურაციით ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მან ასევე დასძინა, რომ ამ ცენტრის საშუალებით „ნატო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენ უფრო შესამჩნევი ვიქნებით საქართველოში“. 

საქართველოს ქვეითთა ასეული, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილია, ასევე ესწრებოდა გახსნის ცერემონიას.



საქართველოს ქვეითთა ასეულის ჯარისკაცები, რომლებიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში შედიან, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ კრწანისში, 2015 წლის 27 აგვისტოს. ფოტო: ნატო

ქართველი სამხედროებისათვის თავის მიმართვაში პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: „ჩვენი ახალი სასწავლო ცენტრი კიდევ უფრო დახვეწს თქვენს უნარებს, დახვეწს თქვენი პარტნიორების და თქვენი მეგობრების უნარებს, უნარებს, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ მხოლოდ ერთისთვის, რომ დაიცვათ თავისუფლება და ის ღირებულებები, რის ირგვლივაც ჩვენ ვართ გაერთიანებული“.

თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა 27 აგვისტოს ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ ეს ცენტრი არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. რუსეთმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ამ ცენტრის განთავსების გეგმების თაობაზე.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე აქვს ნატოს დახმარებით გახსნილი ამგვარი ცენტრების ფუნქციონირების გამოცდილება. მას მხედველობაში ჰქონდა საჩხერის სამთო მომზადების  სკოლა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გახსნის ცერემონიაზე თავის გამოსვლაში განაცხადა: „საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია – ვიღვწით დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობისთვის… ნატოს გაფართოებით ფართოვდება თავისუფლების საზღვრები… ნატოს მოაქვს მშვიდობა“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button