Placeholder canvas
ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტს საფრანგეთში გაფორმებულ შეთანხმებებზე ინფორმაცია მიაწოდა

პრეზიდენტი მარგველაშვილი 14 ივლისს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას იმ ორი შეთანხმების განსახილველად შეხვდა, რომლებიც საქართველომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საჰაერო თავდაცვითი სისტემების შეძენის მიზნით  პარიზში გააფორმა.

პირველ შეთანხმებას ხელი 15 ივნისს მოეწერა ხელი ფრანგულ-ამერიკულ ერთობლივ საწარმოსთან ThalesRaytheonSystems-თან (TRS), რომელიც სახმელეთო სათვალთვალო რადარებს, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო და საკონტროლო სისტემებს აწარმოებს; მეორე შეთანხმება კი 10 ივლისს გაფორმდა სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ევროპულ კომპანია MBDA-სთან.

ამ ხელშეკრულებების ღირებულების ან შინაარსის თაობაზე ინფორმაცია ოფიციალურ პირებს არ გაუმჟღავნებიათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონფიდენციალურობის მოტივით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტების „იმპლემენტაციის შემდეგ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა და თავდაცვითი შესაძლებლობები გაიზრდება“.

„შემიძლია ვთქვა, რომ ამით თვისობრივად იზრდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. შეძენილია საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც, როგორც გამოჩნდა [2008 წლის აგვისტოს ომში], სამწუხაროდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ყველაზე სუსტი წერტილი იყო“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას.

„ყველა ვთანხმდებით, ერთსა და იმავე პოზიციაზე ვართ მინიტრი, მთავარსარდალი, პრემიერი, რომელსაც მანამდე გავაცანით ეს კონტრაქტები, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაცილებით უფრო მყარი, ძლიერი, ნატოსთან თავსებადი, საერთაშორისო თავდაცვისუნარიანობის სისტემის შემადგენელი კომპონენტი ხდება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მასთან ერთად პრეზიდენტთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი და საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაური ლევან ილურიძე.

თავდაცვის მინისტრი ასევე გეგმავს პარლამენტის ნდობის ჯგუფთან შეხვედრას, რათა საიდუმლო შესყიდვებზე წვდომის მქონე დეპუტატთა ამ ჯგუფს პარიზში გაფორმებული შეთანხმებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

მსგავსი/Related

Back to top button