ახალი ამბები

საქართველომ MBDA–სთან საჰაერო თავდაცვითი ხელშეკრულება გააფორმა



საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და MBDA-ს აღმასრულებელი დირექტორი ანტუან ბუვიე, 10 ივლისი, 2015. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ევროპულ კომპანიასთან MBDA "ყველაზე უფრო თანამედროვე" საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვის თაობაზე, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. 

ხელშეკრულებას 10 ივლისს პარიზში ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და MBDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანტუან ბუვიემ.  MBDA არის კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან იტალიური Finmeccanica SpA, Airbus Group–ი და ბრიტანული BAE Systems Plc.

დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველომ ცალკე ხელშეკრულება გააფორმა ფრანგული კომპანიის Thales და ამერიკული Raytheon-ის ერთობლივ საწარმოსთან ThalesRaytheonSystems (TRS).  TRS აწარმოებს სახმელეთო სათვალთვალო რადარებს, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო და საკონტროლო სისტემებს, ასევე კიბერ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ინფორმაცია ორივე ხელშეკრულების ღირებულების ან შინაარსის თაობაზე არ ვრცელდება. ოფიციალური პირები ამის მოტივად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების კონფიდენციალურობას ასახელებენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა  MBDA–სთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რომ ეს ორი ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას უზრუნველყოფს.

„მთავარი მიზანი მიღწეულია. ჩვენ ვიყიდეთ ფუნდამენტი იმისათვის, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობა იყოს გარანტირებული და მეორე, იყოს აბსოლუტურად თავსებადი და ინტეგრირებადი ნატოს სისტემასთან; მესამე, ვიყიდეთ თავდაცვის სისტემა, რომელიც არის ყველაზე უფრო თანამედროვე, რაც კი დღევანდელ მსოფლიოში არსებობს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

„ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ვარ როგორც შინაარსით, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით ამ ორი ხელშეკრულების, ასევე ფასით“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულებები არის ნიშანი დე ფაქტო იარაღის ემბარგოს დასასრულისა, როდესაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თავს იკავებდნენ თბილისისთვის იარაღის მიყიდვისგან.

„ფრანგებმა გვაჩვენეს საოცარი ხარისხის პარტნიორობა, მოწადინება, ნდობა, რომელიც ჩვენ დავინახერთ კონტრაქტორების მხრიდან და ასეთი გადაწყვეტილებები, ბუნებრივია, არ მიიღება პოლიტიკური ნების გარეშე“, – განაცხადა მან.

ხელშეკრულების განხორციელება 1 იანვრიდან დაიწყება, განაცხადა მან.

ხიდაშელმა ასევე განაცხადა, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი ნაწილი საჯარო უნდა გახდეს.

თუმცა, მანამდე, ხიდაშელის თქმით, მან ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალია და ნდობის ჯგუფს უნდა მიაწოდოს, რომელშიც შემავალ ხუთ დეპუტატს თავდაცვასთან დაკავშირებულ გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე აქვს წვდომა.

სამი თვის წინ საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე მოლაპარაკებები ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას და მთავრობას შორის პოლიტიკური ბრალდებების წყარო გახდა.

აპრილის დასაწყისში ალასანიამ განაცხადა, რომ მთავრობამ უარი თქვა თავდაპირველ შეთანხმებაზე – შესასრულებლად არასავალდებულო ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც მან საფრანგეთში ოქტომბრის ბოლოს, მინისტრობიდან გათავისუფლებამდე შეათანხმა და რომელიც ქვეყნისთვის საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შესაძლებლობას ქმნიდა. ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, რომელიც ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანია. ჯანელიძე მაისის დასაწყისში თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელმა შეცვალა.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button