ახალი ამბები

პარლამენტის პლენარული სხდომების გაცდენებზე რეგულაციების გამკაცრება იგეგმება

დეპუტატებმა დიდი ხანი იდავეს იმაზე, რომ „ოჯახური მდგომარეობის" გამო პლენარული სხდომების გაცდენა საპატიო მიზეზად აღარ ჩაითვლება, თუ პარლამენტი რეგლამენტში შესაბამის ცვლილებებს სამი მოსმენით დაამტკიცებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ქართული ოცნების დეპუტატის გიორგი კახიანის მიერ წარდგენილი ცვლილებების თანახმად, რომელიც 72-მა დეპუტატმა 4-ის წინააღმდეგ 10 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო, მორიგი სესიების ფარგლებში პლენარული სხდომების „ოჯახური მდგომარეობის“ მოტივით გაცდენა შესაძლებელი აღარ იქნება და საპატიოდ მხოლოდ ის გაცდენები ჩაითვლება, რომლებიც განპირობებულია ავადმყოფობით ან სამსახურეობრივი მივლინებით, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი მდგომარეობა შესაბამისი ცნობებით იქნება დადასტურებული. თუ ამ ცნობების წარდგენის გარეშე პარლამენტის წევრი თვეში სულ ცოტა ოთხი პლენარული სხდომიდან სამს არასაპატიო მიზეზით გააცდენს, მას ყოველი გაცდენისთვის ხელფასის 10% დაექვითება.

ეს სანქციები ვრცელდება მხოლოდ საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების მორიგ სხდომებზე და არ მოქმედებს რიგგარეშე სხდომების დროს.

გაცდენებზე რეგულაციების გამკაცრების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ბოლო თვეებში პარლამენტში კვორუმის უქონლობის გამო რამდენიმე სხდომა ჩაიშალა ან კენჭისყრა ვერ შედგა. ზოგიერთ შემთხვევაში ოპოზიციამ რეგისტრაცია პოლიტიკური პროტესტის გამოსახატად შეგნებულად არ გაიარა, ხოლო უმრავლესობის დეპუტატების დასწრება არ იყო საკმარისი 76 ხმის შესაგროვებლად, რათა სხდომა გახსნილიყო.

დეპუტატ კახიანის თქმით, გაცდენების ლომის წილი „ოჯახური მდგომარეობის“ საბაბით გაცდენებზე მოდის.

ბევრმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან დებატების დროს განაცხადა, რომ საპატიო მიზეზების ნუსხიდან ამ დებულების ამოღება მათ პოლიტიკურ უფლებებს ზღუდავს, ვინაიდან პარლამენტში მუშაობასთან ერთად მათი უმთავრესი ფუნქციაა ასევე პოლიტიკური საქმიანობა, მათ შორის ამომრჩევლებთან შეხვედრები ან პარტიული მივლინებები საზღვარგარეთ სხვადასხვა ფორუმებზე.

თუმცა თავის დასკვნითი არგუმენტების წარდგენისას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ოჯახური მდგომარეობა“ საპატიო გაცდენების ნუსხიდან ამოღებული უნდა იქნას; თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს, უნდა მოგვარდეს იმაზე უკეთესი მექანიზმებით, ვიდრე შემოთავაზებულია.

დეპუტატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ შალვა შავგულიძემ შესთავაზა, რომ ამოღების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა იმის დაკონკრეტება, თუ რა იგულისხმება „ოჯახურ მდგომარეობაში“.

ქართული ოცნების დეპუტატებმა კოლეგები ოპოზიციიდან სხდომების გაცდენისთვის „ოჯახური მდგომარეობის“ მიზეზის არამიზნობრივ გამოყენებაში დაადანაშაულეს. ზოგიერთმა მათგანმა ასევე მოუწოდა, რომ ფორსმაჟორული ვითარებებისთვის კანონმდებლობამ გაითვალისწინოს საპატიო გაცდენის შესაძლებლობები.

„სირცხვილია ის, რაც გვაქვს დღეს და ჩვენს კოლეგებს 100-დან 97 გაცდენა აქვს ამ მიზეზით; სირცხვილია, რაზეც აქ ვლაპარაკობთ, რომ ამის გამო პოლიტიკური საქმიანობა შეგვეზღუდება ან ამის გამო დავზარალდებით როგორც ადამიანები იმიტომ, რომ ოჯახებს ვეღარ მივაქცევთ ყურადღებას“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კოლეგებს დებატების ბოლოს თავის გამოსვლაში.

უსუფაშვილმა, რომელიც რეგულაციების გამკაცრებას ემხრობა, განაცხადა, რომ ამ ცვლილების  მიღება „სწორი ნაბიჯი“ იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საუბარია იმაზე, რომ დეპუტატები წელიწადში 365 დღიდან 21 დღე მაინც დაესწრონ პლენარულ სხდომებს, ხოლო დარჩენილი 344 დღე დაგეგმონ თავიანთი შეხედულებების მიხედვით, მათ შორის პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების მიმართულებით. მან ასევე განაცხადა, რომ მისი კოლეგები ვერ დაასახელებენ შემთხვევას, როცა პარტიული მივლინების დროს მათ რაიმე პრობლემა შექმნიათ პარლამენტის მხრიდან.

 

მსგავსი/Related

Back to top button