ახალი ამბები

ახალგაზრდა გოგო პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

21 წლის ლიკა კიკიანმა პოლიციის თანამშრომლები ცემაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინციდენტი 6 ივლისს კუს ტბაზე გამთენიისას მოხდა; შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ბრალდება უარყო.

7 ივლისს მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გაავრცელა, რომელიც დაახლოებით 6 000–ჯერ გააზიარეს და სადაც ის თავის ისტორიას ყვება, რომლის თანახმადაც, იგი პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.

ლიკა კიკიანის თქმით, იგი 6 ივლისს გამთენიისას თავის სამუშაო ადგილას, ღამის კლუბ „ვიტამინი კუბებში“ იმყოფებოდა, როდესაც მან შეიტყო, რომ ახალგაზრდებს, რომელთა შორისაც მისი ახლობლებიც იყვნენ, კამათი მოუვიდათ ავტოსადგომზე.  მისი თქმით, იგი გარეთ გაიქცა და დაახლოებით 20–მდე პოლიციელი დაინახა, ზოგიერთი მათგანი სამოქალაქო ტანსაცმელში, რომლებიც ასევე მიემართებოდნენ მოკამათე ბიჭებისკენ. კიკიანის თქმით, ბიჭებმა პოლიციის მისვლისთანავე ტერიტორია დატოვეს და ის უკვე უკან ბრუნდებოდა, როდესაც რამდენიმე პოლიციელმა მისი შეურაცხყოფა დაიწყო. მას შემდეგ, რაც მან პასუხი გასცა, კიკიანის თქმით, ერთ–ერთი პოლიციელი მას ყელში წვდა და მიწაზე დააგდო. იგი ასევე ამბობს, რომ ერთმა პოლიციელმა მას ფეხიც ჩაარტყა. მისი ინფორმაციით, ორმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომლებიც კლუბში იმყოფებოდნენ, უთხრეს პოლიციელებს, რომ შეეწყვიტათ მისი ცემა, თუმცა პოლიციელებმა ისინიც სცემეს და ერთ–ერთი მათგანი დააკავეს. მისი თქმით, პოლიციამ ის მანქანაში „ჩატენა“ და მზიურის პარკის მახლობლად მდებარე ვაკე–საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა.

„სახეზე ყველანი მახსოვხართ და ამას გავაგებინებ ყველას“, – მიმართავს კიკიანი იმ პოლიციელებს, რომელთაც, მისი თქმით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, „ეს არ შეგრჩებათ“. 

8 ივლისს მან ჟურნალისტებს ხელზე არსებული მსუბუქი დალურჯებები აჩვენა, ხოლო საავადმყოფოს ექიმმა, სადაც კიკიანი პოლიციის განყოფილებიდან გათავისუფლების შემდეგ მივიდა, განაცხადა, რომ მართალია კიკიანს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, მაგრამ მას ჰქონდა მოყვითალო–მოყავისფრო ლაქები, მათ შორის ხელებზე.

8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მისმა გენერალურმა ინსპექციამ ვიდეოს გავრცელებიდან უმოკლეს დროში მოკვლევა ჩაატარა და გადაამოწმა ყველა გარემოება, რომელზეც კიკიანი აღნიშნულ ჩანაწერში საუბრობდა, თუმცა ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა მისი ბრალდებების დასამტკიცებლად. სამინისტროს თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც კიკიანის თქმით, ასევე სცემა პოლიციამ, სხვა მოწმეების მსგავსად უარყო, რომ კიკიანს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს–ს ინფორმაციით, კიკიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

შსს–მ ასევე გაავრცელა დაახლოებით 2 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი – ერთი მათგანი კუს ტბაზეა ჩაწერილი, ხოლო მეორე პოლიციის განყოფილებაში, სადაც კიკიანი მიიყვანეს.

გარე სათვალთვალო კამერით კუს ტბაზე ჩაწერილ 18–წამიან ვიდეოში ჩანს, რომ ორი პოლიციელი მიაცილებს კიკიანს, ხოლო მეორე ჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციას იგი 6 ივლისს დილის 5:44 საათზე პოლიციის განყოფილებაში შეყავს, ხოლო შემდეგ კიკიანი იმავე დილის 7:10 საათზე ტოვებს განყოფილებას. 

შსს აცხადებს, რომ მოკლე ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ კიკიანის ბრალდებების საპირისპიროდ, პოლიცია მას ცუდად არ მოქცევია.

მაგრამ კიკიანი, რომელიც გეგმავს, რომ პროკურატურას მიმართოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, კუს ტბაზე ინციდენტის ადგილას დამონტაჟებული ფარული კამერების სრული ჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვს. მან ვერ შეძლო კუს ტბის დაცვის უფროსისგან ჩანაწერები მოეპოვებინა, რომლის თქმითაც, პოლიციამ უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი.

ლევან ვეფხვაძემ, რომელიც კიკიანის ადვოკატია, განაცხადა, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ "არც არაფერი არ მომხდარა, მაშინ უმჯობესი იქნება, რომ გაავრცელონ კონკრეტულად ის ვიდეომასალა, რომელიც იღებდა უშუალოდ შემთხვევის ადგილს“.

„მოკვლევა დაამთავრა გენინსპექციამ“, – შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა 9 ივლისს და დასძინა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ვიდეოჩანაწერის დეტალების შესახებ.

„ჩვენ მზად ვართ, თუ რამე კითხვებია, გადავცეთ პროკურატურას საქმე და გამოიძიონ“, – დასძინა მან.

9 ივლისს მას შემდეგ, რაც კიკიანმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ მომართვის საფუძველზე "პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების   ფაქტზე" გამოძიება დაიწყო.

მსგავსი/Related

Back to top button