ახალი ამბები

ეროვნული ბანკი ბიუჯეტში დაგეგმილ შესწორებებზე

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა, იმგვარად არ არის დაგეგმილი, რომ ლარის გაცვლით კურსზე შემდგომი წნეხი შეარბილოს, განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

წარმოდგენილ საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით თავის წერილობით მოსაზრებაში ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად ბიუჯეტის ხარჯების, კერძოდ კი მისი მიმდინარე ხარჯების „მნიშვნელოვანი“ შემცირება „ან/და არსებული საგადასახადო მექანიზმების გამოყენება“ უნდა მოხდეს, თუ დეპუტატებს ეროვნულ ვალუტაზე შემდგომი ზეწოლის თავიდან აცილება სურთ.

ბოლო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ლარი ინარჩუნებს მეტ-ნაკლებ სტაბილურობას და აშშ დოლართან მიმართებაში 2.25-ს შეადგენს მას შემდეგ, რაც 2014 წლის ნოემბრიდან თავისი ღირებულების 28%დაკარგა. ეს გაუფასურება აშშ დოლარის გამყარებითა და ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებით არის ძირითადად განპირობებული.

„სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მიმდინარე ხარჯები იზრდება 15 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები მცირდება 55 მლნ ლარით. ნაერთ ბიუჯეტშიც კაპიტალური ხარჯების კლება მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე ხარჯების შემცირებას“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის წერილობით მოსაზრებებში.

„ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს უპირატესად მიმდინარე ხარჯების კლებით“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

„მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა წუხილი ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, რამაც რთული პირობები შეუქმნა დოლარის სესხების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. შესაბამისად, თუ პარლამენტის მიზანია ლარის გაუფასურების გამო სასესხო ტვირთის შემცირება, ან შემდგომი ალტერნატივა – ლარის გაცვლითი კურსის დამატებითი გაუფასურების ზეწოლის განეიტრალება, საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რაც არ არის გათვალისწინებული წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მოსაზრებებში.

 

მსგავსი/Related

Back to top button