ქადაგიძე ხელისუფლებას მიმართავს ‘მყისიერად შეწყვიტონ თავდასხმა ეროვნულ ბანკზე’

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და მის კვალდაკვალ მთავრობის და პარლამენტის ცალკეული წარმომადგენლების მიერ სავალუტო „კრიზისის“ შექმნაში დადანაშაულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ „მყისიერად“ შეწყვიტოს თავდასხმები, რადგან ეს აზიანებს არა პირადად მას, არამედ „ურტყამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ვნებს ინვესტორების განწყობებს და კონტრპროდუქტიულია“.

მან განაცხადა, რომ არის იცის რა იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადების მოტივი და მით უფრო „საკვირველია“ შემდგომი განცხადებების „კასკადი“,  როდესაც სიტუაცია მიდის დასტაბილურებისკენ და ლარს აქვს გამყარების მიმართულება. მისი თქმით, მოწოდებების მიუხედავად, ეროვნული ბანკი არ აპირებს ლარის კურსის სავალუტო რეზერვების ხარჯვის გზით შენარჩუნებას და იქნება თანმიმდევრული ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.  

„ამ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი, ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია გაცილებით უფრო მძიმე შოკების დროს“, – განაცხადა ქადაგიძემ.

მან თავი შეიკავა კურსის პროგნოზირებისგან, თუმცა აღნიშნა: „არ ველოდებით, რომ სიტუაცია გაუარესებისკენ წავა“.

„მე მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება; სანამ მე და ჩემი გუნდი ვართ ეროვნული ბანკის სათავეში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას და იგივე შეცდომების გამეორებას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, სამწუხაროდ, არაერთხელ გაიმეორა უკვე“, – განაცხადა 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ქადაგიძემ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს ეწურება.

„მითუფრო გაუგებარია გუშინდელი განცხადება და გუშინდელი დღე, როდესაც სავალუტო ბაზარზე აშკარად შეიმჩნევა სტაბილიზაცია“, – განაგრძო მან, „მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინდელი განცხადების და განცხადებათა კასკადამდე, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, სავალუტო ბაზარზე გარიგებები დასრულდა 2.16 კურსით [აშშ დოლართან მიმართებაში], რაც ცალსახად მიუთითებს სავალუტო კურსის სტაბილიზაციაზე და იმაზე, რომ ყველაფერი მიდის სწორად და დამშვიდებისკენ“.

პარასკევს შუა დღის შემდეგ ლარი 3.7%–ით გამყარდა და აშშ დოლართან მიმართებაში 2.1654 შეადგინა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე 0.6%–ით გამყარდა.

ქადაგიძის თქმით, ლარის კურსის გაუფასურება „ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით“ არის გამოწვეული.

„ლარი გაუფასურდა 30%-ით, სამწუხაროდ, მაგრამ 30%-იანმა გაუფასურებამ გარკვეული პერიოდის მერე უკვე დაიწყო ასახვა იმპორტზე, შესაბამისად ჩვენ ველოდებით, რომ იმპორტი შემცირდება, რაც შეამცირებს ნეგატიურ გავლენას კურსზე, რაც შეამცირებს მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და  ლარს ექნება სტაბილიზაციის და შემდგომი გამყარების ტენდენცია“, – აღნიშნა მან.

„მე მინდა მოვუწოდო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის წარმომადგენლებს, მმართველი პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებს შეწყვიტონ მყისიერად თავდასხმა ეროვნულ ბანკზე. ასეთი თავდასხმები, მინდა ხაზი გავუსვა, მვნებს და მაზიანებს არა მე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ ურტყამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ის ვნებს ინვესტორების განწყობებს და კონტრპროდუქტიულია იმ პროცესების პარალელურად, რაც დღეს ვითარდება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

„ახლა არ არის გადაბრალების დრო, ახლა არ არის განტევების ვაცის ძებნის დრო. ახლა არის დრო სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების განხორციელებისა, რომლის მიზანი უნდა იყოს სავალუტო შემოდინებების გაზრდა იმ წყაროებიდან, რომლებზეც ჩვენ გვაქვს გავლენა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ლარის კურსის შემდგომ გამყარებას და შვებას მისცემს იმ ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც დაუმძიმდა სესხის ტვირთი“, – განაცხადა ქადაგიძემ.

მან ასევე განმარტება გააკეთა ეროვნული ბანკის რეზერვებთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა არის საზოგადოების დარწმუნების მცდელობა „თითქოს რეზერვების ხარჯვა არის გამოსავალი“ შექმნილი სიტუაციიდან. 

„საქართველოს სავალუტო რეზერვი ეს არის ჩვენი აქტივი და ის დოვლათი, რომელსაც ჩვენ ვქმნით მთელი წლების განმავლობაში,  რომელიც წარმოადგენს მთავარ გარანტს ჩვენი ფინანსური სტაბილურობის. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა, სწორედ რომ რეზერვების დაგროვების და მართვის მიმართულებით, არის აღიარებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემის მიერ, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ“, – განაცხადა მან. 

„რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება, კონკრეტულად კი ექსპორტის, [ფულადი] გზავნილების, ტურიზმის ჩანაცვლება არის არამარტო არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტრპროდუქტიული და უშედეგო“, -განაცხადა ქადაგიძემ.

„ამაზე არსებობს უამრავი საერთაშორისო მაგალითი, მათ შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენები -მოლდავეთის ეროვნულმა ბანკმა 1 მლრდ დოლარამდე ინტერვენცია გააკეთა; მიუხედევად ამისა მოლდავური ვალუტის კურსი გაუფასურდა თითქმის 40%-ით. ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანამ, აზერბაიჯანმა 2 მილიარდიანი უშედეგო ინტერვენციების შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება კურსის თავისუფალ მცურავ რეჟიმში გადაყვანის და წინა პარასკევს აზერბაიჯანული მანათი ასევე გაუფასურდა 34%-ით“.

„ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება დავუშვათ შეცდომები ამ მიმართულებით“, – განაგრძო მან, „ჩვენ არაერთხელ დაგვიშვია შეცდომები  90-იანი წლების დასაწყისში და იგივე შეცდომების დაშვებას ჩვენ ახლა არ ვაპირებთ“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიის საპასუხოდ, რომ ეროვნულმა ბანკმა არ იმოქმედა სათანადოდ, რათა თავიდან აეცილებინა ლარის გაუფასურებით გამოწვეული აჟიოტაჟი.

„უარყოფითი ეკონომიკური მონაცემების პირობებში როცა ადგილი აქვს გაუფასურებას, აჟიოტაჟური ქცევა ბაზრის მონაწილეების მხრიდან არის სავსებით ნორმალური მოვლენა – ეს არის ეკონომიკის ანბანი. და აჟიოტაჟურ ქცევას შველის სწორი კომუნიკაცია, სწორი გზავნილები და არა გაზრდილი ინტერვენციები“, განაცხადა მან, „ამასთანავე, კიდევ უფრო დიდი მერყეობის თავიდან აცილების მიზნით, მხოლოდ თებერვლის თვეში, ჩვენ დავხარჯეთ ჩვენი სავალუტო რეზერვის 120 მლნ დოლარი [40-40 მლნ დოლარი სამჯერ გაიყიდა], მაგრამ ამ რეზერვის ხარჯვის და ამ ინტერვენციის დანიშნულება არის მერყეობის აცილება“.

სარეზერვო აქტივების საერთო მოცულობა იანვრისთვის 2.61 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.   

შეკითხვაზე აპირებს თუ არა ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდას მას შემდეგ, რაც თებერვალში ეს განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 4%-მდე გაზარდა, ქადაგიძემ უპასუხა, რომ  „ასეთი ტიპის ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიგვიყვანს უარეს შედეგებამდე“.

„რეფინანსირების განაკვეთების გაზრდას, ისევე როგორც სხვა ღონისძიებებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავატაროთ, აქვს ერთი მთავარი მიზანი, რომ შემცირდეს ქვეყანაში ფულის მასა. ფულის მასის შემცირებას აქვს უარყოფითი შედეგი. ფულის მასის შემცირება ნიშნავს ნაკლებ გაყიდვებს, ნაკლებ ეკონომიკურ აქტივობას, გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს და ა.შ.  მაშინ როცა ფულის აგრეგატების ზრდა  ისედაც  მინიმალურია, ასეთი ტიპის ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიგვიყვანს უარეს შედეგებამდე. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ პროცესებზე ადეკვატურ რეაგირებას და წარვმართავთ  ჩვენ პოლიტიკას საუკეთესო სტანდარტების მიხედვით“, – განაცხადა მან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან, ეროვნული ბანკი კვლავაც კოორდინირებულად განაგრძობს თანამშრომლობას მთავრობასთან.

მიუხედევად იმისა, რომ თავდასხმების შემთხვევაში პოლიტიკურ დებატებში ჩართვა არ არის ეროვნული ბანკის მანდატი და ქადაგიძის თქმით, ამას არც ადრე აკეთებდა და არც მომავალში აპირებს, ამჯერად, როცა „იწარმოება მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, საჭიროდ ვთვლით მოგახსენოთ ქრონოლოგიურად იმ პოზიციის შესახებ, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოხატავდა ბოლო პერიოდის განმავლობაში“.

„ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ჩვენ განვაცხადეთ იმის შესახებ, რომ  2013 წლის [ეკონომიკური] ზრდის პროგნოზი იყო ოპტიმისტური და საჭიროებდა გადახედვას. ნაცვლად  იმისა, რომ მოსმენილიყო ჩვენი არგუმენტები, ჩვენ მივიღეთ პირველი ტალღა ცილისწამების და პოლიტიკურ საბოტაჟში დადანაშაულების. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2013 წლის ბოლოს ჩვენ მივიღეთ განახევრებული ეკონომიკური ზრდა [6%-ის ნაცვლად, დაახლოებით 3%]“, – განაცხადა მან ბრიფინგზე თავისი გამოსვლის დასაწყისში.

„2013 წლის ზაფხულიდან ჩვენ არაერთხელ, დახურულ თუ ღია შეხვედრებზე გაგვიცხადებია, რომ არათანაბარ ხარჯვას აქვს უარყოფითი შედეგი გაცვლით კურსზე და  წარმოადგენს პრობლემას. აქაც,  წლის ბოლოს, სამწუხაროდ კიდევ ერთხელ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2013 წლის ბოლოს ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო ზეწოლა ლარის კურსზე და იმისთვის, რომ კურსის დევალვაცია არ მომხდარიყო ეროვნულმა ბანკმა განახორციელა რამდენიმე ასეული მილიონის ინტერვენცია სიტუაციის დასაბალანსებლად", – აღნიშნა ქადაგიძემ და განმარტა, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ "პრობლემა გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით და არა ფუნდამენტური მიზეზებით".

2013 წლის ოქტომბერში არსებული 3.1 მლრდ აშშ დოლარიდან, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობა 2.82 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა.

„2014 წლის აგვისტოდან, როდესაც, ჯერ კიდევ ტურისტული პიკის სეზონში, ჩვენ ვერ შევძელით სავალუტო რეზერვების აკუმულირება, ხოლო აგვისტოს მერე გამოჩნდა პირველი ნიშნები ექსპორტის შემცირებისა და იმ პრობლემებისა, რომელიც, სავარაუდოდ, თავს იჩენდა შემდგომ თვეებში, სამწუხაროდ ისევე გაზიარებული იყო არგუმენტები [მთავრობის] ეკონომიკური ბლოკის იმ წარმომადგენლებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყველაფერი არის კარგად და არანაირი ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა მან.

„ნაცვლად ჩვენი არგუმენტების მოსმენისა, ჩვენ მივიღეთ ნიაღვარი შეკვეთილი სტატიებისა და ახლადგამოჩეკილი ექსპერტების მხრიდან მცდელობისა გაეკეთებინათ ეროვნულ ბანკზე მორიგი შეტევა“, – დასძინა ქადაგიძემ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მოსაზრებებს, როგორც აქამდე, მომავალშიც აუცილებლად გავანდობთ მთავრობას. ეროვნული ბანკი არის მთავრობის მრჩეველი. ჩვენი კონსტიტუციური მანდატის პირობებში, ჩვენ ჩვენი   რჩევების მიცემა და სიტუაციის ანალიზის კეთება არასდროს არ შეგვიწყვეტია. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ჩვენი არგუმენტები უფრო მკვეთრად იქნება გაანალიზებული“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version