Placeholder canvas
ახალი ამბები

იური ვაზაგაშვილი მოკლული შვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს

იური ვაზაგაშვილი სპეცოპერაციის დროს მოკლული მისი შვილის, ზურას საფლავზე კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

მოწმეთა თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგონეს და როდესაც საფლავს მიუახლოვდნენ, იური ვაზაგაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს.

მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ დაადასტურა, რომ გარდაცვალება აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი ვერ დააკონკრეტა. შოთაძემ განუცხადა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ეს და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი თქმით, რაიმე სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა, გარდა იმისა, რაც აფეთქდა, ინციდენტის ადგილას არ იქნა ნაპოვნი.  

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მამუკა ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „არაა გამორიცხული“ მომხდარი ტრაგედია დაკავშირებული იყოს გამოძიებასთან, რომელიც „აქტიურად მიმდინარეობდა“.

იური ვაზაგაშვილი წლების განმავლობაში იბრძოდა პროტესტის სხვადასხვა ფორმებით იმისათვის, რომ გამოძიებას სიმართლე დაედგინა მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.
 
ზურა ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში საშა ხუბულოვთან ერთად ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და იმ პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ, რომლებმაც, მათი შეფასებით, უფლებამოსილებას გადაამეტეს.

ხელისუფლებამ ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო და ის კვლავ მიმდინარეობს.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 19 იანვარს „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ვაზაგაშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობის გამო. ხოლო გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ზოგიერთი სამართალდამცავი, რომელიც მისი შვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, კვლავაც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და მან მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მათ „მფარველობაში“ დაადანაშაულა.

სამშაბათს თბილისში პარლამენტის შენობის წინ ათობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ხელისუფლებისგან იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების დაუყონებლივ გამოძიებას ითხოვდნენ.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა გუშინ, რომ ის „შოკირებულია“ იური ვაზაგაშვილის დაღუპვის გამო; მან სამართალდამცავ სტრუქტურებს საქმის დაუყონებლივ გამოძიებისა და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების „უმოკლეს ვადებში“ დასრულებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც სამძიმარი გამოთქვა ვაზაგაშვილის დაღუპვის გამო და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება „დროულად დაადგენს ჭეშმარიტებას“.

იმავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ასევე მოუწოდა პროკურატურას „დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე“. 

„იმედს გამოვთქვამს, რომ იური ვაზაგაშვილის და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეები დროულად და ეფექტურად იქნება გამოძიებული“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, კონსტიტუციის 42-ე მუხლის, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს, იდენტობას და ლიბერალური აკადემია – თბილისის ერთობლივ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button