ღარიბაშვილი: ‘მთავრობაში არ იგეგმება არავითარი საკადრო ცვლილებები’

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ეტაპზე გამორიცხა მის კაბინეტში რაიმე საკადრო ცვლილებები და აღნიშნა, რომ სამთავრობო სტრუქტურების ქვედა რგოლებში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები არის ‘ნორმალური, მუშა პროცესი’.

„ეს ცვლილებები, რაც განხორციელდა ბოლო დღეების განმავლობაში, არის დასრულებული ამ ეტაპისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ „სპეკულაციები“, თითქოს თანამდებობებიდან მისი დასაყრდენი პირები გათავისუფლდნენ, „უსაფუძვლოა“, ვინაიდან „მე მთავრობის შემადგენლობას, სამინისტროებში ადამიანებს არ ვყოფ ჩემი გუნდის წევრებად და სხვისი გუნდის წევრებად. ჩვენ ვართ ერთი გუნდი“. 

საკადრო გადაადგილებები რამდენიმე დეპარტამენტისა და სამსახურის უფროსს, ასევე ერთ გუბერნატორსაც შეეხო. ამ ცვლილებებზე გაკეთებულ თავის პირველ საჯარო კომენტარში ღარიბაშვილმა ყველაზე მნიშვნელოვნად დაასახელა მისი ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელად ბიზნესომბუდსმენის გიორგი გახარიას დანიშვნა, როგორც პოზიტიური გზავნილი ბიზნესმენებისათვის და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დავით სუჯაშვილის დანიშვნა, რომელიც, მისი თქმით, იმავდროულად ინარჩუნებს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობასაც. 

„არის დრო, როცა უნდა შეცვალო ადამიანები, ამას სჭირდება განახლება, ახალი სისხლი უნდა შემოვიდეს მთავრობაში, სამინისტროებში, რომ კიდევ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე შეეხება თუ არა პირადად მას ცვლილება თანამდებობის დატოვების კუთხით, ღარიბაშვილმა უპასუხა: „გავრცელებულ ჭორები იმის თაობაზე, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრი სხვა იქნება და ა.შ., იმდენად სასაცილოა, რომ არც კი ვიცი გიპასუხოთ თუ არ გიპასუხოთ“. 

„პრემიერ-მინისტრის გამოცვლა არ ხდება ასე მარტივად დემოკრატიულ სახელმწიფოებში“, – აღნიშნა მან.

მან ასევე გამორიცხა ამ ეტაპზე მთავრობაში რომელიმე მინისტრის შეცვლა.

„არცერთი მინისტრი არ დატოვებს თავის ადგილს, მთავრობაში არ იგეგმება არავითარი ცვლილება“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ასევე უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ბოლოდროინდელ საკადრო გადაწყვეტილებებთან კავშირშია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

„ბიძინა ივანიშვილი არ ერევა მთავრობის საქმიანობაში“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საჭიროების შემთხვევაში მნიშვნელოვან საკითხებზე, შესაძლოა მოსაზრებას ან რჩევას ეკითხებოდეს თავის წინამორბედს.

„ამაში დასაძრახი არაფერი არ არის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ეს არის ნორმალური, ჯანსაღი, გამჭირვალე პროცესი, ჩვენ არასოდეს არაფერი არ დაგვიმალავს“.

„ბევრს ნაადრევად მოუწია გახარება, ბევრს იმედი გავუცრუე, ბევრმა თქვა, რომ  თითქოს რაღაც საყრდენი გამომაცალეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა,  „მე მინდა დავამშვიდო ის ადამინები, ვინც ფარისევლურად ღელავდნენ, თითქოს მე საყრდენი გამომაცალეს – მე ძალიან კარგად, მყარად ვდგავარ და ყველაფერი კარგად არის“.

„ზოგადად საინტერესოა, ასეთი კრიზისები ხანდახან უნდა შევქმნათ ხელოვნურადაც კი, რომ მმართველები და მენეჯერები შევაფასოთ, როგორ რეაგირებენ კრიზისების დროს“, – დასძინა მან ბრიფინგზე, რომლის შესავალი ნაწილიც ეკონომიკურ საკითხებს მიუძღვნა და მიესალმა აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურების პროცესს, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტენდენციას და ასევე იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულ 5%-იან ნიშნულს გადააჭარბებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version