ოპოზიციური პარტიები საქართველოს მთავრობას მოსკოვი–სოხუმის ხელშეკრულების გამო აკრიტიკებენ

საქართველოს მთავრობა ოპოზიციური პარტიების კრიტიკის სამიზნე გახდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთი და სეპარატისტული აფხაზეთი 24 ნოემბერს სოჭში „მოკავშირეობისა და სტარტეგიული პარტნიორობის შესახებ“ ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავენ.

ხელშეკრულება, რომელსაც თბილისი რუსეთის მიერ მისი სეპარატისტული რეგიონის „ანექსიისკენ“ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურად დგას; ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ხელშეკრულება ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა რუსეთის მიმართ კოალიცია ქართული ოცნების „დაყვავების“ პოლიტიკის გამო, რამაც, მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დააკნინა. დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო, რომლის ლიდერიც ნინო ბურჯანაძეა, აცხადებს, რომ რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისთვის შეთავაზებული ახალი ხელშეკრულება იყო მოსკოვის რეაქცია თბილისის გაუთავებელ ლაპარაკზე საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შესახებ და ქვეყანამ ახლა არჩევანი უნდა გააკეთოს „ილუზორულ ნატოს წევრობასა“ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შორის.

24 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ კვლავ მოუწოდა ქართულ ოცნებას, რომ რუსეთთან საკუთარ პოლიტიკას გადახედოს. 

პარტიის სახელით საუბრისას დეპუტატმა დავით ბაქრაძემ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, განაცხადა, რომ ახალი ხელშეკრულებით რუსეთს „ბოლომდე მიყავს ანექსია“. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ „პრაქტიკულად არაფერი არ გააკეთა და მოუმზადებელი შეხვდა დღევანდელ დღეს“.

მისი თქმით, მართალია ამ დოკუმენტს „არანაირი სამართლებრივი და იურიდიული ძალა“ არ გააჩნია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ „კონკრეტული ნაბიჯები“ უნდა გადადგას, რომლითაც „ჩვენ დავუპირისპირდებით დღეს მიმდინარე ანექსირების პროცესს“. 

ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტს მიიღოს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს მთავრობას, რომ შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით დაეკისრა და გააუქმოს არაფორმალური დიალოგი მოსკოვსა და თბილისს შორის, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უძღვებიან.

„გაუქმდეს ან გაიყინოს დროში განუსაზღვრელი ვადით ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ვინაიდან დღეს რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითონ ვეგუებით და არაფრად ვაგდებთ აფხაზეთის ანექსიას“, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციის პროექტში.

რეზოლუციის პროექტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „ავამოქმედოთ ბერკეტები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რათა მომზადდეს სარჩელები საერთაშორისო სასამართლოებში“.

„ჩვენ მოვუწოდებთ სახელისუფლებო პარტიას… გვერდზე გადავდოთ უთანხმოებები, დავსხდეთ ერთად და ერთად შევიმუშაოთ ის სტრატეგია და ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსეთის სამართლებრივი ანექსიისგან“, – განაცხადა ბაქრაძემ. 

ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული ანალოგიური რეზოლუციის პროექტი ერთხელ უკვე ჩააგდო უმრავლესობამ პარლამენტში და სანაცვლოდ 17 ოქტომბერს მიიღო განცხადება, სადაც დაგმო რუსეთის „მცდელობა მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია“. 

მიმდინარე კვირაში პარლამენტში იგეგმება საკომიტეტო მოსმენები, სადაც დეპუტატები შეიმუშავებენ პოზიციას შესაძლო ახალი რეზოლუციის თუ განცხადების მიღების თაობაზე. 

იმავდროულად, 24 ნოემბერს ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ახალი ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორის საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარების შანსებს კიდევ უფრო შეამცირებს.

„საქართველოს ხელისუფლებამ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მას არ აქვს არანაირი პოლიტიკა ამ მიმართულებით“, – განაცხადა ბურჯანაძემ, “ერთადერთი, რაც შეუძლია დღეს საქართველოს ხელისუფლებას გააკეთოს არის ის, რომ დადგეს, ჩამომწკრივდეს ნატო-ს დროშასთან და გადაიღოს სამახსოვრო ფოტო, თუ ამ ფოტოს გადაღება და საქართველოს გაწევრიანების ილუზორული გეგმა უშველის ამ პრობლემის მოგვარებას. თუმცა, ჩვენ ვხედავთ რომ ამას ეს ვერ უშველის“.

Exit mobile version