Placeholder canvas
ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას 7.5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ორ სხვადასხვა საქმეზე, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში მისი ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება.

სასამართლომ 22 ოქტომბერს ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო წამების ბრალდების საქმეზე, რომელიც 2006 წელს  სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ახალაიას უფროსობის დროს პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად ექვსი პატიმრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება.

მეორე საქმე, რომელზეც მოსამართლემ ბაჩო ახალაიას მიმართ ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული შსს-ს ოთხი ყოფილი თანამშრომლისთვის სასჯელის მოხდისას მისი ბრძანებით განსაკუთრებული პრივილეგიების შექმნას. ახალაია სასამართლომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ. 

ახალაიას მიმართ, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დაკავების შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა,  რამდენიმე საქმეზე გაიმართა სასამართლო პროცესები.

ის ამ დრომდე გამართლებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და წამების ბრალდებებთან დაკავშირებულ ოთხ ცალკე საქმეზე.

შარშან ოქტომბრის ბოლოს 2006 წელს სასჯელაღსრულების სისტემის უფროსად მუშაობის დროს პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე სასამართლომ ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო და 3 წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში შეიწყალა.

ბოლო ბრალდებები ბაჩო ახალაიას პროკურატურამ ივლისში წარუდგინა 2011 წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს რამდენიმე პირის წამების ორგანიზების საქმეზე.  ამ ბრალდებების საფუძველზე სასამართლომ მისი წინასწარი პატიმრობა გაახანგრძლივა.  

 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button