თბილისი აცხადებს, რომ ‘პროაქტიული’ საგარეო პოლიტიკით დაუპირისპირდება რუსეთის ქმედებებს აფხაზეთთან მიმართებაში

საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ზომებს, რათა საერთაშორისო ყურადღების „კონსოლიდაცია“ მოხდეს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ დაგეგმილი ახალი ხელშეკრულების გზით რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობის მიმართ, განაცხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შაბათს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს შეხვედრის შემდეგ.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ გადადგმული იქნება „ძალიან აგრესიული, რაშიც ვგულისხმობ, აქტიურ“ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს.  

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ეს გულისხმობს მეტ „პროაქტიულობას“. მისი თქმით, ეს მთავარი თემა იქნება 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლეგებთან შეხვედრაზე, ასევე ლუქსემბურგში ვიზიტის შემდეგ ბერლინში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს შეხვედრას, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობდა, ასევე დაესწრნენ დეპუტატები ქართული ოცნებიდან და საქართველოს ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირსა და ევროპის საბჭოში.

საბჭოს ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან 19 ოქტომბერს პრაღაში გამართული შეხვედრის შესახებ. მართალია მომდევნო შეხვედრის თარიღი დაგეგმილი არ არის, მაგრამ თბილისს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მოსკოვთან არაფორმალური პირდაპირი დიალოგის ამ ფორმატის შეწყვეტის თაობაზე, რომელსაც 2012 წლის დეკემბერში ჩაეყარა საფუძველი და რომელიც ძირითადად სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს, რასაც შედეგად მოყვა შარშან რუსული ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის. ბოლო შეხვედრაზე ორმა დიპლომატმა ახალ ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც თბილისი გმობს როგორც „ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის“ მცდელობას.

კრემლის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარკვეული წუხილები სოხუმშიც არსებობს. სეპარატისტული აფხაზეთის ოფიციალური პირების შემადგენლობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ხელშეკრულების საკუთარ ვერსიას შეიმუშავებს.

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეა და რომელიც ასევე ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას, განაცხადა, რომ არსებულ სიტუაციაში თბილისი და სოხუმი „ერთ მხარეს“ იმყოფებიან.

ორი დღით ადრე პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას აფხაზებთან მიმართებაში „იდეა“ გააჩნია, რომელიც მან არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

18 ოქტომბრის სხდომის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ ამ წინადადებების თაობაზე განხილვა მიმდინარეობს და პრემიერ–მინისტრი თავად გააკეთებს ამის თაობაზე განცხადებას „უახლოეს  მომავალში“.

იმავდროულად, 17 ოქტომბერს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა იმავე დღეს მიიღო განცხადება რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით,  პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა 28 ოქტომბრისთვის მისი სათათბირო ორგანოს, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია „გაუარესებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის მიზნით კოორდინირებული ნაბიჯების დასაგეგმად“.

„ვიზიარებთ საქართველოს პარლამენტის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება პრიორიტეტულ თემად უნდა იქცეს საგარეო ურთიერთობების კონტექსტში როგორც ორმხრივი შეხვედრებისას, ისე  საერთაშორისო ფორუმებზე უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას. ამ პრიორიტეტს დავეყრდნობით საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version