მოსკოვი საქართველოში ‘ნატოს ინფრასტრუქტურის’ წინააღმდეგ აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების საპასუხოდ, რომ ნატოს „ინფრასტრუქტურის“ განთავსება საქართველოში რეგიონში სტაბილურობას შეარყევს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „ყველაზე დიდი საფრთხე“ რეგიონისთვის არის რუსეთი და საქართველოში „ნატოს ინფრასტრუქტურა“ ალიანსის უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება.

8 ოქტომბერს გამართული ჟენევის დისკუსიების 29–ე რაუნდთან დაკავშირებით  გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრაზე რუსულმა მხარემ „შეშფოთება გამოთქვა ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ინტერესებისთვის სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება იგეგმება“.

 „ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა იმ სტაბილურობას, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში ყალიბდება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.    

განცხადებაში არაა დაკონკრეტებული, თუ რა „ინფრასტრუქტურა“ იგულისხმება, თუმცა სავარაუდოდ ეს ეხება ნატოს მიერ დაგეგმილ საწვრთნელ ცენტრს, რომლის შესახებაც საქართველოს და ნატოს წარმომადგენლები იმ პაკეტის ფარგლებში საუბრობდნენ,  რომელიც საქართველოს სექტემბერში ნატოს უელსის სამიტზე შესთავაზეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა ჟურნალისტებს 9 ოქტომბერს მთავრობის სხდომის შემდეგ, რომ „ერთადერთი ყველაზე დიდი საფრთხე რეგიონისთვის არის რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩვენს ქვეყანაში და მიმდინარე აგრესია, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით ხორციელდება“.

„ნატოს ინფრასტრუქტურა საქართველოში შეიქმნება“, – განაცხადა ალასანიამ, „ეს არის მიღწეული შეთანხმება ნატოს სამიტზე. საქართველო–ნატოს პაკეტი სწორედ ამას ემსახურება, რომ საქართველოში გაიხსნას ნატოს ინფრასტრუქტურა, საქართველოსთან ერთად ბუნებრივია, რომ ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები სამხედროებმა და ამით ავამაღლოთ როგორც შეკავების ფაქტორი იმ აგრესიის, რომელიც რუსეთიდან მოდის, და ასევე ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. ეს არის გადაწყვეტილი. და მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, თბილისმა პაკეტის განხორციელების თაობაზე საკუთარი წინადადებები ნატოს კვირის დასაწყისში გაუგზავნა და ახლა ალიანსისგან პასუხს ელის, რაც დაახლოებით ერთ თვეშია მოსალოდნელი.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დაგეგმილია „ერთობლივი ნატო–საქართველოს ბაზა, სადაც გაივლიან წვრთნებს ნატოს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს სამხედროებთან ერთად და ასევე პარტნიორებსაც მოვიწვევთ“. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, რომელიც მომდევნო კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება, რომელიც ასევე რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელია ჟენევის დისკუსიებზე, განაცხადა 9 ოქტომბერს, რომ თბილისის თანამშრომლობა ნატოსთან „არანაირ საფრთხეს არ უქმნის რეგიონალურ უსაფრთხოებას“. 

„რეგიონალურ უსაფრთხოებას, უპირველესად, აზარალებს და ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის მოუგვარებელი კონფლიქტები“, – განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ის თბილისის ამ პოზიციას თავის რუს კოლეგასაც გააცნობს, თუ კარასინი პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის დროს ამ საკითხს წამოწევს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 9 ოქტომბერს, რომ „არანაირი ქმედება, რომელსაც საქართველო ახორციელებს თავისი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და თავისი ჯარების გასაწვრთნელად, არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ“.

„პირიქით, ემსახურება სტაბილურობის განმტკიცებას რეგიონში. სხვა ფაქტორია ბევრი, რომელიც არ ემსახურება სტაბილურობას განმტკიცებას რეგიონში და სწორედ მათი მოწესრიგებისკენ მოვუწოდებთ ჩვენ რუსეთს – ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, იქ უკონტროლო სიტუაცია და რუსეთის ჯარის დგომა ამ ტერიტორიებზე“, – განაცხადა მან.

ჟენევის მოლაპარაკებების 29–ე რაუნდი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 7-8 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების 29–ე რაუნდის დროს, მონაწილეებმა „პოზიტიურ კონტექსტში აღნიშნეს საქართველოსთან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის [ადმინისტრაციულ] საზღვრებზე არსებული სტაბილურობა, რაც სულ უფრო მტკიცე ხასიათს იძენს“. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს „ორივე მხრიდან დაძაბულობისა და ემოციური რიტორიკის შემცირებას და სასაზღვრო რაიონებში ვითარების ნორმალიზების ტენდენციას“. 

ჟენევის დისკუსიებში, რომელსაც ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ, საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის და ასევე სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები არიან ჩართულები, რომელთაც ფორმალურად „მონაწილეები“ ჰქვიათ. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის დევნილების თემას განიხილავს. ივნისში გამართული წინა რაუნდისგან განსხვავებით, როდესაც სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს, ამჯერად მონაწილეებმა შეძლეს მოლაპარაკებების დასრულება, თუმცა რაიმე არსებით პროგრესს ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს მთავარმა მომლაპარაკებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში შესული ყველა საკითხი იქნა განხილული. თუმცა, რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ დევნილებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა „გადაიდო“.  სოხუმი და ცხინვალი, მოსკოვის მხარდაჭერით, აცხადებენ, რომ ისინი არ განიხილავენ ამ საკითხს, სანამ თბილისი ყოველწლიურად გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმ რეზოლუციის ინიცირებას ახდენს, რომელიც დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version