“როსავიაციის” ცნობით, თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა

თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 15 სექტემბრიდან აღდგა, იტყობინება 17 სექტემბერს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაცია“.

სააგენტოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტის საფუძველზე იქნა მიღებული.

ამავე ინფორმაციით, რუსეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარული რეისების განხორციელებაზე ნებართვა შემდეგმა შვიდმა რუსულმა ავიაკომპანიამ მიიღო: „აეროფლოტი“, „ვიმ-ავია“, „გლობუსი“, „სიბირი“, „ტრანსაერო“, "ურალის ავიახაზები" და "იუტეირი".

რეგულარული რეისების აღდგენის საკითხი მოლაპარაკებათა იმ ორმხრივ ფორმატში განიხილებოდა, რომელიც 2012 წლის დეკემბრიდან წარმოებს საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები თავდაპირველად 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის  ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი. ფრენები 2008 წლის მარტში აღდგა, თუმცა მალევე ისევ შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ. 2010 წლის ზაფხულიდან კი ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ფრენები ხორციელდება.

 

Exit mobile version