Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აწერს ხელს 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში. მისი თქმით, ხელშეკრულება "საქართველოს მოდერნიზაციის მთავარ გეგმას" წარმოადგენს.  

საქართველომ და ევროკავშირმა 27 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუალ ბაროზომ და ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურებმა, რომლებიც ასევე იღებდნენ მონაწილეობას ცერემონიაში.

იმავე ცერემონიაზე ასევე მოეწერა ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოლდოვასთან, რომელიც ასევე მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, და ასევე დასრულდა ხელმოწერის პროცესი უკრაინასთან შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილზე მას შემდეგ, რაც მარტში პოლიტიკურ ნაწილს მოეწერა ხელი.

„დღეს საქართველო დიდ ნაბიჯს დგამს თავისუფალი ევროპისკენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ხელმოწერის ცერემონიაზე გამოსვლისას, „27 ივნისი არის დღე, რომელიც ყველას დაგვამახსოვრდება როგორც ისტორიული და განსაკუთრებული. ყველა ერის ისტორიაში არის თარიღები, რომლებითაც ისინი ამაყობენ. დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედს გვისახავს და რომლითაც ჩვენი შთამომავლობა იამაყებს. სწორედ ამ დღის დადგომაზე ფიქრსა და ზრუნვას შეალია ცხოვრება არაერთმა თაობამ. ამ დღეს დიდხანს ელოდა ჩემი ქვეყანა. მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად პატივი, სინამდვილედ ექცია ჩვენი წინაპრების ოცნება”.

„ძალიან ძნელია ჩემთვის სიტყვით გამოვხატო ის გრძნობა, რომელსაც ახლა მე განვიცდი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ჩემ სამშობლოში ყველას ეს ემოცია აქვს. დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, რომ დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს, ევროპას, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეს“.

პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას „ისტორიული მომენტი“ უწოდა, ვინაიდან საქართველო „ამ მომენტიდან ხდება უფრო დაახლოებული ევროპულ საზოგადოებასთან“ და თავის “გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს“ კიდევ უფრო აღრმავებს. „ვიმუშავებთ იმაზე, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნამდვილი წევრი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას.    

შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ხელმომწერი ქვეყნების ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის ვაჭრობაში, საბაჟო პროცედურებსა და ხარისხის კონტროლში, არ იძლევა ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების პირობას; მაგრამ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები და დაახლოების პროცესი განიხილება, როგორც პოტენციური წევრობისთვის მომზადება.

როცა ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუ როდის გააკეთებს საქართველო წევრობაზე განაცხადს, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა უპასუხა: „არაოფიციალურად ჩვენ წევრობისთვის დღეს მივმართეთ; ოფიციალურად – ეს დამოკიდებულია იმ პროგრესზე, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ, მაგრამ შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“.

“ეს ჩვენზეა დამოკიდებული”, – უპასუხა ღარიბაშვილმა კითხვაზე, თუ რამდენი დასჭირდება საქართველოს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. „ხუთ წელიწადში, ან შესაძლოა ათ წელიწადში – ჩვენ ეს არ ვიცით. ეს დამოკიდებულია იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს“.

ხელმოწერის ცერემონიაზე თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოუწოდა ევროკავშირს მკაფიო განცხადება გააკეთოს იმის თაობაზე, რომ უკრაინა შევა ევროკავშირში, როგორც კი ის მზად იქნება წევრობისთვის.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ეს შეთანხმებები „არ წარმოადგენს ევროკავშირის თავის პარტნიორებთან თანამშრომლობის საბოლოო დანიშნულების ადგილს“. ბაროზომ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებების ხელმოწერა „არ უნდა იქნას განხილული, როგორც გზის ბოლო, არამედ როგორც მოგზაურობის დასაწყისი, რომელსაც ევროკავშირი და ეს სამი პარტნიორი ქვეყანა დღეს  ერთად იწყებენ“. 

მან ხაზი გაუსვა, რომ „წინ მნიშვნელოვანი ამოცანაა“, რადგანაც სამი ქვეყანა თავიანთი მთავრობებისგან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების მოთხოვნის გზაზე დგება, რათა გამოვლინდეს მყარი პოლიტიკური ნება, კოორდინაცია, ჩართულობა პარლამენტებთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ „შეიქმნას ეროვნული კონსენსუსი იმ ზომების სასარგებლოდ, რაც მდგრადი ტრანსფორმაციის გარანტირებისთვის არის საჭირო“.

ხელმოწერის ცერემონიაზე საუბრისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა: „ეს არ არის მხოლოდ რაიმე სხვა შეთანხმებები, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში და საერთოდ ევროპისთვის. კიევში და სხვაგან ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ევროგაერთიანებასთან უფრო ახლო კავშირისთვის“.

27 ივნისს საღამოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა თბილისში, ევროპის მოედანზე კონცერტით აღინიშნება; პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვლენ ამ ღონისძიებაზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის ცენტრალურ ოფისში მიღებას მართავს დღევანდელი დღის აღსანიშნავად; ასოცირების შესახებ შეთანხმების დიდ ნაწილზე მოლაპარაკებები მაშინ მიმდინარეობდა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო.

საქართველოს პარლამენტი შეთანხმების რატიფიცირებას ივლისში დაგეგმილ რიგგარეშე სესიაზე გეგმავს.

მართალია შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ  შეთანხმების რატიფიცირებას, მაგრამ მის ძალაში სრულად შესვლამდე, გათვალისწინებულია დროებითი გამოყენების წესი, სანამ ევროკავშირის წევრები და ევროპარლამენტი რატიფიკაციის პროცესს დაასრულებენ.

საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ დროებითი გამოყენება, შესაძლოა, დაახლოებით 2014 წლის ოქტომბრისთვის დაიწყოს.

დროებით გამოყენებამდე კი უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს ასოცირების საბჭოს შექმნას (რომელიც არსებულ თანამშრომლობის საბჭოს ჩაანაცვლებს), და ასევე სხვადასხვა კომიტეტების, ქვეკომიტეტების და ვაჭრობასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას; პროცესს ასევე თან უნდა ახლდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და საპარლამენტო თანამშრომლობა, რაც მონიტორინგის მექანიზმებს უზრუნველყოფს.

სქელტანიან შეთანხმებას თან ახლავს 30–ზე მეტი დანართი, რომელშიც ჩამოთვლილია ევროკავშირის ასობით შესაბამისი კანონი, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს კონკრეტულ ვადებში, რომლებიც ორიდან ათ წლამდე მერყეობს – ეს პროცესი უამრავი რეფორმის განხორციელებას მოითხოვს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 27 ივნისს იმ დროს, როცა ხელშეკრულებას ბრიუსელში ეწერებოდა ხელი, თბილისში ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს განუცხადა: „მოგველის ძალიან შრომატევადი საქმე იმისთვის, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა საკითხი და დებულება სათანადოდ აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში“.

„ჩვენ ვიწყებთ რეფორმების განხორციელების ხანგრძლივ პროცესს, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა სფეროს საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ბრიუსელში შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ და დასძინა, რომ საქართველო „ამ რთულ პროცესში მარტო არ არის“, რადგანაც ევროკავშირი მზად არის დახმარება აღმოუჩინოს მას.

ივლისში ევროკავშირი გეგმავს საქართველოს დასახმარებლად 101 მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროგრამები დაამტკიცოს მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელების მხარდასაჭერად, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების პროგრამების დასაფინანსებლად.

იმავდროულად, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა მათი სუვერენული უფლებაა, მაგრამ რუსეთს ზომების მიღება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ეს უარყოფითად იმოქმედებს მის ეკონომიკაზე.

თავის გამოსვლაში ხელმოწერის ცერემონიაზე ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ ეს შეთახმებები „არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ“.  

თავის გამოსვლაში ღარიბაშვილმა ასევე მიმართა "ძმებს და დებს" აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. „ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ… თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ გამოიყენოთ ის სარგებელი, რომელსაც ევროპასთან ასოცირება უზრუნველყოფს", – განაცხადა მან.

საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2010 წლის ივლისში დაიწყეს. შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილზე მოლაპარაკებები მოგვიანებით დაიწყო და 17 თვეში, 2013 წლის ივლისში დასრულდა.

ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოცვით, 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში განხორციელდა. თავდაპირველად შეთანხმების ხელმოწერა წელს მოგვიანებით იგეგმებოდა, თუმცა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა ევროკავშირს თარიღი ივნისში გადმოეწია. 

ევროკავშირის დაკვეთით მომზადებული 2012 წლის ანგარიშის „ ვაჭრობის მდგრადობაზე ზემოქმედების შეფასების“ თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოდან ექსპორტს ევროკავშირში 12%–ით გაზრდის, ხოლო იმპორტს ევროკავშირიდან – 7.5%–ით. ანგარიშის თანახმად, ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმების სრული განხორციელება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს  მშპ–ს 4.3%–ით გაზრდის.   

ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია უფრო მიმზიდველი გახდება ევროკავშირის ბაზარზე  მას შემდეგ, რაც მათზე ევროკავშირის იმპორტის გადასახადები მოიხსნება, რაც 5.7 მილიონ ევროს შეადგენს ძირითად სასოფლო–სამეურნეო პროდუქციაზე და 0.5 მილიონ ევროს გადამუშავებულ სასოფლო–სამეურნეო პროდუქციაზე.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს ექსპორტმა ევროკავშირში 2014 წლის იანვარ–მაისში 253 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 58%–იანი ზრდაა. 

საქართველოს ექსპორტმა დსთ–ის ქვეყნებში 2014 წლის იანვარ–მაისში 627.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებია 240.4 მლნ, 129.7 მლნ და 108.3 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად.
 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button