ლავროვი საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა შესახებ

რუსეთი „დამცავ ზომებს“ მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს მოლდოვასთან, საქართველოსთან და უკრაინასთან უარყოფითი გავლენა ექნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ), განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 25 ივნისს.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებოდნენ ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მოსკოვი არა მხოლოდ მზადაა, არამედ მოუწოდებს კონსულტაციებისკენ, რათა ამ ხელშეკრულებების პოტენციური გავლენა დაადგინოს რუსეთთან ვაჭრობით დაინტერესებულ ქვეყნებთან.     

„როგორც კი ეს შეთანხმებები, რომელთა ხელმოწერასაც დსთ–ის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შემავალი ჩვენი პარტნიორები  გეგმავენ ევროკავშირთან, ძალაში შევა და ჩვენ გავიგებთ, რომ ის უარყოფითად ისახება თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფუნქციებზე, იმ პირობებზე, რომლითაც ჩვენ ვმო–ში შევედით, ჩვენ, რა თქმა უნდა, დამცავ ზომებს მივმართავთ ვმო–ს წესებთან სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა ლავროვმა.

ევროკავშირი საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს,  ბრიუსელში 27 ივნისს მოაწერს ხელს. იმავე დღეს ევროკავშირი დაასრულებს ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილის ხელმოწერის პროცესს უკრაინასთან, რომელთანაც მარტში ამ შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს მოაწერა ხელი.

„ეს შეთანხმებები არის რაღაცისთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ 25 ივნისს.

მისი თქმით, როდესაც ის 13 ივნისს ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, კიდევ ერთხელ შესთავაზა სამმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებში ჩართვა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელების  საკითხების განხილვის მიზნით. მისი თქმით, ეს კონსულტაციები, სავარაუდოდ, 11 ივლისს მინისტრების დონეზე ბრიუსელში გაიმართება.

მიმდინარე კვირას გაკეთდა განცხადება, რომ ქართველი და რუსი ექსპერტები ტექნიკურ დონეზე კონსულტაციებს გეგმავენ, რათა განიხილონ, თუ რა პოტენციური გავლენა ექნება რუსეთ–საქართველოს ორმხრივ ვაჭრობაზე საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა 26 ივნისს, რომ მისი მომდევნო შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან პრაღაში ივლისის პირველ ნახევარში იგეგმება და ამ შეხვედრამდე ექსპერტები სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ. 

27 ივნისს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პარლამენტი ივლისში მის რატიფიცირებას მოახდენს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

მართალია შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ  შეთანხმების რატიფიცირებას, მაგრამ მის ძალაში სრულად შესვლამდე, გათვალისწინებულია დროებითი გამოყენების წესი, რაც ხელშეკრულების დაახლოებით 70%-ის ამოქმედებას გულისხმობს. დროებითი გამოყენებისთვის კი საჭიროა ევროკავშირის საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საქართველოს პარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიცირება.

ბრიუსელში 25 ივნისს  ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს „უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობა“ აქვს.

„მე არ ვყოყმანობ, რომ ამ შეთანხმებებს ისტორიული ვუწოდო. ისტორიული ამ ქვეყნებისთვის, ეს მათი ისტორიული მიზანია, მაგრამ ისტორიული ასევე ევროპისთვის“, – განაცხადა ბაროზომ.

Exit mobile version