ახალი ამბები

აფხაზეთის ლიდერი გადადგა



ალექსანდრე ანქვაბის ვიდეო მიმართვის სატელევიზიო კადრი, რომელიც მისმა პრესსამსახურმა 30 მაისს გაავრცელა და სადაც პარლამენტის ის გადაწყვეტილებაა გაკრიტიკებული, რომელიც მას გადადგომისკენ მოუწოდებდა.

აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა 1 ივნისს გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება მას შემდეგ, რაც ხუთი დღით ადრე ოპოზიცია სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრა.
 
„ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით… მე ვტოვებ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას“, – ნათქვამია ანქვაბის წერილობით განცხადებაში, რომელშიც ოპოზიციის ქმედებები „სახელმწიფო გადატრიალებად“ არის შეფასებული და ნათქვამია, რომ ამ მოვლენების შედეგები „შესაძლოა დამღუპველი“ იყოს აფხაზეთისთვის.
 
ამ განცხადებამდე დაახლოებით 24 საათით ადრე სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა განაცხადა, რომ ანქვაბს არ შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელება; საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ვალერი ბგანბა პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებლად დანიშნა და 24 აგვისტო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად გამოაცხადა.
 
27 მაისს ანქვაბს პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც შენობაში მომიტინგეები შეიჭრნენ, რომლებიც მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში  საპროტესტო აქციას მართავდნენ სოხუმის ცენტრში. ათასობით მომიტინგე ანქვაბს „ავტორიტარულ მმართველობაში“, რუსული ფინანსური დახმარების არასწორ ხარჯვაში და კორუფციისა და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების უუნარობაში ადანაშაულებდა. 

1 ივნისს ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის სერგეი შამბაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანქვაბმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, მაგრამ იმ მომენტში  ანქვაბმაც და მისმა მოკავშირეებმაც უარყვეს ეს ცნობა.
 
კვირას საღამოს ადგილობრივი დროით 6 საათამდე „აფსნიპრესმა“ ანქვაბის წერილობით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის თანამდებობას ტოვებდა; ნახევარი საათის შემდეგ  იგივე განცხადება სახელწოდებით „მიმართვა აფხაზ ხალხს“ დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
 
„მოგმართავთ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლის შედეგებიც შესაძლოა დამღუპველი იყოს აფხაზეთის სახელმწიფოს ბედისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
ანქვაბი, რომელიც 2011 წელს ხუთწლიანი ვადით აირჩიეს, აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახელმწიფო ტელევიზიის „ძალადობრივი დაკავების“ შემდეგ, ხელისუფლება მათთან მოლაპარაკებების წარმოებას შეეცადა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი 28–29 მაისს აფხაზეთში იმყოფებოდა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლს ასრულებდა.
 
„მაგრამ ამ მოლაპარაკებებმა კომპრომისამდე ვერ მიგვიყვანა“, – აცხადებს ანქვაბი თავის განცხადებაში, „ჩემს კოლეგებს და მე გვესმოდა და გვესმის, რომ შეთანხმების მიღწევა ოპონენტების მიზანი არ ყოფილა. მათ ამის საწინააღმდეგო დავალებები ჰქონდათ“.
 
მისი თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო სისხლისღვრის აღკვეთა, „რომლის საფრთხეც არსებულ სიტუაციაში ძალიან მაღალია – ხელისუფლებისთვის იბრძვიან ძალები, რომლებსაც არაფერი შეაჩერებთ“. ანქვაბმა განაცხადა, რომ ეს „ძალები“ მზად არიან თავიანთი თანამემამულეების სიცოცხლე და „აფხაზეთის თავისუფლება“ გაწირონ საკუთარი „ამბიციების“ დასაკმაყოფილებლად.
 
ანქვაბმა განაცხადა, რომ მოწოდებები რეფორმების განხორციელებისკენ და სხვა მოთხოვნები მხოლოდ საბაბი იყო ოპოზიციისთვის, რომელიც, მისი თქმით, მხოლოდ „მთავრობაში ადგილების გადანაწილებით“ არის დაინტერესებული და რომელთა „მადაც“ ამ მხრივ გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში აფხაზეთს ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის.
 
„ძალაუფლებისთვის ბრძოლის დროს ადვილია დაკარგო ჩვენთვის წმინდა სასიცოცხლო სივრცე – აფხაზეთი შესაძლოა აღარ იყოს“, – განაცხადა ანქვაბმა.
 
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ „ძალები“, რომლებიც მისი მკვლელობის მცდელობის უკან იდგნენ, ახლა ოპოზიციას ეხმარებიან, მათ შორის ფინანსურად. 



ტელეკომპანია აბაზა ტვ–ს კადრი, სადაც ნაჩვენებია პარლამენტის სპიკერი, 60 წლის ვალერი ბგანბა, რომელიც ამჟამად სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.
 
„სახელმწიფო გადატრიალების ერთ–ერთი მიზანი იმ პირთა გათავისუფლებაა, რომლებიც ამჟამად ბრალდებულები არიან ამ ტერორისტული აქტის საქმეზე“, – განაცხადა ანქვაბმა და ასევე აღნიშნა, რომ 27 მაისს მისი მკვლელობის გეგმა არსებობდა, როდესაც მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვების შემდეგ ის გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. 

 2005 წლის შემდეგ ანქვაბზე უკვე ხუთი, ან შესაძლოა ექვსი თავდასხმა განხორციელდა – ყველაზე ბოლო თავდასხმას 2012 წლის თებერვალში ჰქონდა ადგილი, როდესაც მის ესკორტს გუდაუთასა და სოხუმს შორის გზაზე დაესხნენ თავს. მაშინ აფხაზეთის ლიდერის დაცვის ორი წევრი დაიღუპა. ამჟამად ანქვაბის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების საქმეზე ცხრა პირის სასამართლო პროცესი მიდის.
 
განცხადებაში ანქვაბმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 2 ივნისს აღარ გამართონ აქცია სოხუმში და „არ წამოეგონ პროვოკაციებს“.
 
მან განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ „არ შეესაბამება ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის განწყობებს“, მაგრამ ეს „ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა“.
 
ანქვაბმა განაცხადა, რომ პარლამენტის 31 მაისის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური იყო, მაგრამ „არსებულ ვითარებაში“, გადაწყვეტილება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის  თაობაზე „პოლიტიკურად მისაღებია“.
 
განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ანქვაბი პარლამენტის თავმჯდომარეს ვალერი ბგანბას შეხვდა, რომელიც სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებლად დანიშნა და მას „პრეზიდენტის ბეჭედი“ გადასცა, იტყობინება „აფსნიპრესი“.
 
ანქვაბის განცხადებაში არაფერია ნათქვამი მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა მანამდე 1 ივნისს, რომ ანქვაბი შეძლებს ხელახლა იყაროს კენჭი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე. „მაგრამ ვეჭვობ, რომ ამას რამე აზრი ჰქონდეს“, – დასძინა მან. კითხვაზე აპირებს, თუ არა ის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას, ხაჯიმბამ უპასუხა, რომ ეს მისი მოკავშირეების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, იტყობინება „რია ნოვოსტი“.  



ტელეკომპანია აბაზა ტვ–ს კადრი, სადაც ჩანს ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი, დეპუტატი რაულ ხაჯიმბა, რომელიც 31 მაისს მომიტინგეებს მიმართავს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 24 აგვისტოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. თუ 56 წლის ხაჯიმბა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გადაწყვეტს მონაწილეობას, ეს უკვე რეგიონის ლიდერის პოსტის დაკავების მისი მესამე მცდელობა იქნება; წინა ორი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.  ხაჯიმბა, რომელმაც 1980–იან წლებში კგბ–ს აკადემია დაამთავრა მინსკში, სეპარატისტული რეგიონის ვიცე–პრეზიდენტი იყო 2005–2009 წლებში. მან ეს თანამდებობა აფხაზეთის მაშინდელ ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან ხელისუფლების გაყოფის შესახებ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაიკავა, რასაც წინ უძღოდა სადავო საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წელს, სადაც ხაჯიმბას კრემლი ღიად უჭერდა მხარს. 2011 წლის არჩევნები ანქვაბმა მოიგო ხმების დაახლოებით 55%, ხოლო ხაჯიმბა მესამე ადგილზე გავიდა ხმების დაახლოებით 20%–ით.
 
საპროტესტო აქციების წინა პერიოდი
 
ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას 27 მაისს, რაც საბოლოო ჯამში ანქვაბის გადადგომით დასრულდა, ოთხი ოპოზიციური პარტიისა და შვიდი საზოგადოებრივი მოძრაობისგან შემდგარი ჯგუფი უძღვებოდა, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს სახელითაა ცნობილი. 
 
საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული სხვა ორგანიზაციები არიან: აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირი „არუაა“; საზოგადოებრივი მოძრაობა „ახაცა“; კავშირი სამართლიანობისთვის, სტაბილურობისა და დემოკრატიისთვის, რომელსაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაფშბა უძღვება; ვეტერანთა კავშირი „აბააში“; ვეტერანთა კავშირი „ახალგაზრდა აფხაზეთი“; აფხაზეთში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭო და აფხაზეთში რუსული თემების ყრილობა.
 
29 მაისს პოლიტიკური კრიზისის შუა პერიოდში ამ ჯგუფმა დროებითი ეროვნული საბჭო ჩამოაყალიბა, რომელსაც, ჯგუფის თქმით, მთავრობის აღმასრულებელი უფლებამოსილებების შესრულების უფლება ჰქონდა. 21–წევრიან დროებით საბჭოს ხაჯიმბა თავმჯდომარეობს და გარდა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებისა, მასში ზოგიერთი სხვა ოპოზიციური ფიგურაც შედის, მათ შორის დიდი ხნის განმავლობაში სეპარატისტული რეგიონის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. საბჭომ განაცხადა, რომ მისი მიზანია კოალიციური მთავრობის ფორმირება და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ანქვაბის მხარდამჭერ პოლიტიკურ პარტიასთან „ამცახარასთან“ ითანამშრომლოს.
 
საკოორდინაციო საბჭო შარშან შეიქმნა და თავდაპირველად ის ოპოზიციურმა ჯგუფებმა იმისთვის ჩამოაყალიბეს, რომ ანქვაბს აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილებში, მათ შორის გალის რაიონში, სადაც ძირითადად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, „პასპორტიზაციის“ პროცესთან დაკავშირებით დაპირისპირებოდნენ. ანქვაბის მიდგომა, რომელსაც ასევე ემხრობოდა მისი წინამორბედი და მოკავშირე სერგეი ბაღაფში და რომელიც გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგებას ისახავდა მიზნად სეპარატისტული რეგიონის დანარჩენ ნაწილებთან მეტი ჩართულობისთვის, ოპოზიციურმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს,  როგორც საფრთხე „აფხაზეთის სუვერენიტეტის“ მიმართ.
 
მართალია ეს საკითხი კვლავ დარჩა საკოორდინაციო საბჭოს ყურადღების ცენტრში, მაგრამ მის დღის წესრიგს მთელი რიგი სხვა საკითხებიც დაემატა დაწყებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით და დამთავრებული დემოკრატიული რეფორმების ნაკლებობით.   ანქვაბს ასევე სდებდნენ ბრალს „ავტორიტარიზმში“და რუსული ფინანსური დახმარების ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ მიმართვაში, რომლებიც, ოპოზიციის თქმით, ვერ უზრუნველყოფდნენ მდგრად ეკონომიკურ ზრდას.    
 
2014 წლის აპრილში საკოორდინაციო საბჭომ მთელი რიგი მოთხოვნები წამოაყენა, როგორც მან განაცხადა, აფხაზეთში „სისტემური კრიზისის“ დაძლევის მიზნით, მათ შორის მთავრობის გადაყენება; პარლამენტის და პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებების გაზრდის ხარჯზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება. მაშინ ანქვაბმა უარი განაცხადა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და აღნიშნა, რომ „ულტიმატუმი მიუღებელი და არაპროდუქტიულია“. 

 
თბილისის რეაქცია   
 
მომიტინგეების მიერ სოხუმში პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღებიდან მეორე დღეს თბილისმა, რომელიც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, განაცხადა, რომ „შეშფოთებულია“ სეპარატისტულ რეგიონში განვითარებული მოვლენებით.
 
გალში მცხოვრები ქართველების მიმართ აფხაზური ოპოზიციის მკაცრი მიდგომის ფონზე, რაც ძირითადად მათთვის აფხაზური პასპორტების დარიგების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდება, თბილისში უმთავრესი შეშფოთება გალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ბედთან დაკავშირებით გამოითქმოდა.
 
სეპარატისტულ რეგიონში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა რუსულენოვან არხთან RTVi-სთან  ინტერვიუში, რომელიც ანქვაბის გადადგომამდეა ჩაწერილი: „ეს არის წმინდა პოლიტიკური ბრძოლა ძალაუფლებისთვის; ეს არ არის ფასეულობებზე დაფუძნებული კონფლიქტი; პოლიტიკური ელიტა იქ ჰომოგენურია“.
 
მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი ამ პოლიტიკურ კრიზისში „არავიზე დებს ფსონს“. „მოსკოვი თავად მართავს იქ ადგილზე“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, რომლის უფლებამოსილებები საქართველოს სეპარატისტული რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებსაც მოიცავს. ზაქარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ კრემლი თავის წარმომადგენელს ვლადისლავ სურკოვს აგზავნის მხარეებს შორის შუამავლობისთვის, რუსული კონტროლის მაჩვენებელია. „ისინი [კონფლიქტის მხარეები] ერთმანეთთან რუსეთის მეშვეობით ურთიერთობენ. ესეც თქვენ პასუხი კითხვაზე ოკუპირებულია თუ არა აფხაზეთი“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button