ახალი ამბები

პარლამენტმა მოსმენების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 29 მაისს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც განსაზღვრავს სამართალდამცავთა მხრიდან ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს, თუმცა ღიად ტოვებს მთავარ საკითხს, თუ რომელ სუბიექტს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენებზე.

თავდაპირველად, კენჭისყრა 16 მაისს იგეგმებოდა, თუმცა კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა და პარლამენტს, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული კამპანიის გამო მუშაობა შეწყვეტილი აქვს, 29 მაისს რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოუხდა განხილული საკითხების მისაღებად.

მიღებული კანონპროექტით, პარლამენტი 2014 წლის 1 ნოემბერს განისაზღვრავს ვადად, რა დრომდეც უნდა „უზრუნველყოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური საშუალების გამოყენებით ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის მოპოვების წესის განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადების და ჩაწერის, ინფორმაციის მოხსნის და  ჩაწერისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას, აღრიცხული ინფორმაციის დაცვას, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებაზე ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმის განსაზღვრას და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღებას“.

საკანონმდებლო ინიციატივის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული იყო, რომ პირდაპირი წვდომა მოსმენებზე შსს-დან გადავიდოდა სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე, თუმცა შსს ამის წინააღმდეგ წავიდა იმ მოტივით, რომ ეს გაზრდის კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის რისკს და ხელს შეუშლის სამართალდამცავების ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში.

ქართული ოცნების დეპუტატებმა მთავრობის წუხილებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ამ პროცესს სრულყოფილი ტექნოლოგიური და ფინანსური გააზრება სჭირდება, რათა საბოლოო ჯამში ისეთი სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს და მეორეს მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

ამ საკითხის დარეგულირების გადავადება გააკრიტიკეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც უკანონო მოსმენების პრაქტიკის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ და ასევე დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან, თუმცა მიესალმნენ იმ დანარჩენ ცვლილებებს, რომელიც ამ ეტაპზე შედის კანონმდებლობაში.

პირველი მოსმენით მიღებული  საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოებიდან შეთავაზებული წინადადებების საფუძველზე, მოიცავს ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში;  ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში; და პარლამენტის რეგლამენტში. 29 მაისს გამართულ კენჭისყრაზე ერთის გარდა ყველა ამ კანონში ცვლილებებს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. გამონაკლისი იყო ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის წინააღმდეგაც 1 დეპუტატის ხმა დაფიქსირდა ტაბლოზე.

ცვლილებების მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები იმ შემთხვევაში შეიძლება განხორცილდეს, თუ ის წარმოადგენს აუცილებელ, შესაბამის, პროპორციულ და უკიდურეს საშუალებას, რაზეც გამოძიების პოზიცია სასამართლომ  დამაჯერებლად უნდა მიიჩნიოს შესაბამისი განჩინების გამოტანისას. ამჟამად ფარულ მიყურადებაზე სასამართლო სანქციის მისაღებად დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტი არ მოქმედებს.

ცვლილებების თანახმად, განისაზღვრება დანაშაულთა კატეგორიები, თუ რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი  ფარული საგამოძიებო მოქმედებების წარმოება და ძირითადად ეს განზრახი, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მიმართ გავრცელდება; ხოლო პირთა წრე, ვის მიმართაც ასეთი ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს, შეიზღუდება და განისაზვრება, რომ ეს შეიძლება იყოს დანაშაულთან პირდაპირ დაკავშირებული პირი  ან  მისი უშუალო მეკავშირე.

ამასთან, კანონპროექტით სასულიერო პირის, ადვოკატის, ექიმის, ჟურნალისტის ან იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არ უკავშირდება მათ პროფესიულ საქმიანობას.

იმ ვითარებაში, როცა ამის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს, პროკურორს ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაწყება ნებართვის გარეშე შეეძლება, თუმცა მომდევნო 48 საათის განმავლობაში, აუცილებელია ეს მოქმედებები სასამართლოს ნებართვით განაგრძოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მანამდე მოპოვებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ დაექვემდებარება განადგურებას, ცვლილებების თანახმად.

ამასთან, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისას მიღებული ის ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს გამოძიების საგანს და შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველ ცნობებს, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს; ასევე ინფორმაცია, რომელსაც სასამართლო მტკიცებულებად არ მიიღებს, მართალია დაუყოვნებლივ არ ნადგურდება, თუმცა საქმის გასაჩივრების ვადების ამოწურვის შემდეგ ასევე უნდა განადგურდეს; მასალებს, რომელსაც სასამართლო მტკიცებულებად მიიღებს, საქმის შენახვის ვადით იქნება დაცული.

შემოთავაზებულ ცვლილებები ითვალისწინებს შეტყობინების პრინციპის შემოღებას, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გამოძიებამ უნდა აცნობოს, რომ მას ფარულად უსმენდნენ და ასევე განუმარტოს, რომ მას ამ ფაქტის გასაჩივრების უფლება აქვს.

კანონპროექტი ასევე აწესებს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის რეგულაციებს. კერძოდ, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორები მხოლოდ ორი წლის განმავლობაში იქნებიან ვალდებული შეინახონ ისეთი ტიპის მონაცემები, როგორიცაა რა ნომრიდან და საიდან განხორციელდა ზარი, გაიგზავნა მესიჯი ან ელექტრონული ფოსტა, რა ნომერზე დაირეკა, რამდენ ხანს გაგრძელდა საუბარი. კანონპროექტის ავტორმა, დეპუტატმა ქართული ოცნებიდან შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ არსებული კანონმდებლობა ასეთ რეგულაციას არ ითვალისწინებს და სატელეკომონუკაციო კომპანიებში სამართალდამცავთა მოთხოვნით წლების განმავლობაში ინახება ეს მონაცემები.

ცვლილებების თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები იზრდება და მას პირადი ინფორმაციის დაცვის კონტროლის შესაძლებლობა ექნება, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურებში და სასამართლოში, ასევე კერძო კომპანიებში ისე, რომ წინასწარ არ აცნობებს მათ დაგეგმილი შემოწმების თაობაზე.  ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელსაც დეპუტატის მსგავსი იმუნიტეტი დაიცავს,  თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დანიშნავს პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ნაცვლად  და ანგარიშვალდებული იქნება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

ამავე საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, უზენაეს სასამართლოსთან შეიქმნება ფარულ საგამოძიებო ღონისძიებათა რეესტრი, რომელიც აწარმოებს სტატისტიკას, თუ რა ინტენსივობით მიმართავს სახელმწიფო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს.

საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მიუბრუნდება, როცა 25 ივნისიდან პლენარულ სხდომებს განაახლებს. 

მსგავსი/Related

Back to top button