სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი თანამშრომლის მიმართ წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.

ახალაია და დანარჩენი შვიდი ბრალდებული უარყოფდნენ გამოძიების ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც 2012 წლის აგვისტოში ადგილი ჰქონდა შსს-ის სპეცრაზმელების მიმართ დასჯა-წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

ბაჩო ახალაია 2012 წლის ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება; ის ორ საქმეზე გაამართლეს; მესამე, ციხის ბუნტის საქმეზე კი დამნაშავედ იქნა ცნობილი, თუმცა შარშან მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის შეიწყალა; სასამართლო პროცესი დამატებით ბრალდებებზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან და მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების საქმესთან დაკავშირებით.

Exit mobile version