ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პარლამენტის დადგენილების ერთობლივ ტექსტზე და შედეგად, 6 მარტის სხდომაზე უმრავლესობაც და უმცირესობაც დადგენილების საკუთარ პროექტებს დააყენებენ კენჭისყრაზე.
„უმრავლესობას და უმცირესობას შორის ერთიან ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ძალიან ახლოს ვიყავით ამასთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 6 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ორი დღის განმავლობაში მართავდნენ კონსულტაციებს და ცდილობდნენ ერთიან ტექსტზე შეთანხმებას; მთავარი უთანხმოება უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის დაჟინებულ მოთხოვნას, რომ ტექსტში შევიდეს ის პუნქტი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „აწარმოოს აქტიური დიპლომატიური კამპანია რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური იზოლაციისა და მის წინააღმდეგ ქმედითი სანქციების დასაწესებლად“.