მერაბ ქიშმარია

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი

ზოგადი მონაცემები

მერაბ ქიშმარია დაიბადა 1961 წლის 3 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯალში.

1978 წელს დაამთავრა ოჩამჩირის საშუალო სკოლა და სწავლა დაიწყო ტყვარჩელის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში.

იმავე წლის 20 ოქტომბერს საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა თურქმენეთში.

სამხედრო კარიერა და საბრძოლო გამოცდილება ავღანეთში

1984 წელს მერაბ ქიშმარიამ დაამთავრა ალმა-ატის უმაღლესი სამხედრო-სამეთაურო სასწავლებელი.

1987-1989 წლებში მსახურობდა ავღანეთში, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მე-40 არმიის შემადგენლობაში ასმეთაურად და მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის მოადგილედ.

მიღებული აქვს მონაწილეობა 16 საბრძოლო ოპერაციაში – ყანდაღარში, ჰერათში, ჯალალაბადსა და ავღანეთის სხვა ცხელ წერტილებში. 1988 წელს დაჯილდოვდა წითელი ვარსკვლავის ორდენით და ავღანეთის 2-ე ხარისხის ვარსკვლავით.

1988 წლის აპრილში ქიშმარია ყანდაღარის მახლობლად ორჯერ დაიჭრა, რის შემდეგაც სამხედრო სამსახური თურქმენეთის სამხედრო ოლქში, მე-40 საერთო საჯარისო არმიის  5-ე მოტომსროლელ დივიზიაში განაგრძო.

სამხედრო-პოლიტიკური კარიერა აფხაზეთში

1989 წლის 21 სექტემბერს მერაბ ქიშმარია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ ოჩამჩირის სამხედრო კომისარიატში გაანაწილეს.

1992-1993 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა სამმართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განყოფილების უფროსი. საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე იგი ჯერ სამხედრო შტაბის მეთაურად დაინიშნა, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ფრონტის სარდალი იყო. 1996 წელს ქიშმარიას აფხაზეთის გმირის წოდება მიენიჭა.

ომის შემდეგ, მერაბ ქიშმარია იყო აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე საბრძოლო მომზადების დარგში და აფხაზეთის სამხედრო კომისარი.

2005-2007 წლებში ქიშმარია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2007 წლის 6 ივნისს სერგეი ბარაფშმა იგი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრად დანიშნა.

2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქიშმარიამ ღიად დაუჭირა მხარი ალექსანდრე ანქვაბის კანდიდატურას. 2011 წლის 11 ოქტომბერს ახალი მთავრობის ფორმირებისას დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ქიშმარია კვლავ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.

დამატებითი ინფორმაცია

მერაბ ქიშმარიას მეუღლე ეთნიკური ქართველია. მათ თერთმეტი შვილი ყავდათ. შვიდი მათგანი აფხაზეთის ომში იბრძოდა, რომელთაგან ორი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნით დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 1993 წელს, დევნილობაში მყოფმა ზვიად გამსახურდია ოჩამჩირის რაიონში მერაბ ქიშმარიას სახლში იმყოფებოდა, სადაც მას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ სამხედრო დახმარებას ჰპირდებოდნენ, რაზეც გამსახურდიამ უარი განაცხადა.

მერაბ ქიშმარიას ძმა, რუსლან ქიშმარია წლების მანძილზე გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო. 

Exit mobile version