ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2013 წელს



საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 2007–2013 წლებში, მილიონ აშშ დოლარებში. წყარო: საქსტატი

2013 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 6%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 10.78 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 9.1%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 4.96 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, განაცხადა „საქსტატმა“ 24 იანვარს.

2013 წელს ექსპორტის მოცულობა 22%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 2.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მოცულობა 0.4%–ით გაიზარდა 2012 წელთან შედარებით და 7.87 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2013 წელს 1.52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ოდნავ ნაკლებია 2012 წლის მაჩვენებელზე. იმპორტმა თურქეთიდან 2013 წელს 1.34 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.6%–ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, ხოლო ექსპორტმა მხოლოდ 182.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.1%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.

აზერბაიჯანი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 1.34 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანი იმ 40 ქვეყანას შორისაა, რომელთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე (345.6 მილიონი აშშ დოლარი). 2013 წელს აზერბაიჯანში ექსპორტმა 710.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 1.3%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით, ხოლო იმპორტმა 638.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1%–იან ზრდაზე ნაკლებია.

უკრაინა საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2013 წელს 795.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უკრაინაში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 15.4%–ით გაიზარდა და 192.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 602.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 1%–ზე ნაკლებით გაიზარდა. საქართველოდან უკრაინაში განხორციელებული უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი არადენატურირებული ეთილის სპირტია, რომლის საერთო მოცულობამ 33.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის ღვინო –  30.4 მილიონი აშშ დოლარით; წინა წელთან შედარებით, მოცულობით ღვინის ექსპორტი უკრაინაში თითქმის იგივე დარჩა 2013 წელს, ხოლო ღირებულებით 11.3%–ით გაიზარდა. 2013 წელს საქართველომ უკრაინაში 29.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტი განახორციელა.

რუსეთმა, რომელიც 2012 წელს საქართველოს მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, 2013 წელს მეოთხე ადგილზე გადმოინაცვლა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ქართული პროდუქციისთვის საკუთარი ბაზარი გახსნა.

მთლიანი სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2013 წელს 33%–ით გაიზარდა და 779.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადად, ექსპორტის ოთხჯერ გაზრდის ხარჯზე, 190.2 მილიონ აშშ დოლარამდე. იმპორტმა რუსეთიდან 589.4 მილიონი შეადგინა, რაც 24.4%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.

ჩინეთი საქართველოს მეხუთე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან ბრუნვამაც 597.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის გერმანია – 522.3 მილიონი აშშ დოლარით; სომხეთი – 497.6 მილიონი აშშ დოლარით; აშშ – 390.3 მილიონი აშშ დოლარით; ბულგარეთი – 350.7 მილიონი აშშ დოლარით და რუმინეთი – 328.3 მილიონი აშშ დოლარით.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2013 წელს 2.87 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3%–იანი ზრდაა და რაც ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 27%–ს შეადგენს. საქართველოს ექსპორტმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 608 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 72%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით, ხოლო იმპორტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 7%–ით შემცირდა და 2.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.  

2013 წელს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის ექსპორტში 703.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (19.8%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 229.8 მილიონი აშშ დოლარით (11.7%–იანი კლება წინა წელთან შედარებით); წინა წელთან შედარებით გაორმაგდა თხილის ექსპორტი და 166.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი სამჯერ გაიზარდა და 161.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის აზოტოვანი სასუქები – 130.5 მილიონი აშშ დოლარით (4.8%–იანი კლება 2012 წელთან შედარებით).

ღვინის ექსპორტი 2013 წელს გაორმაგდა ძირითადად რუსული ბაზრის გახსნის შედეგად, ხოლო მინერალური წყლის ექსპორტი 80.1%–ით გაიზარდა და 2013 წელს 106.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

არადენატურირებული ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების ექსპორტმა 99.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (24.8%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); შემდეგ მოდის ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული 73.3 მილიონი აშშ დოლარით (16.6%–იანი კლება წინა წელთან შედარებით).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წელს ისევ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 954.4 მლნ აშშ დოლარი (მთლიან იმპორტში მისმა წილმა 12.1% შეადგინა); შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 710.4 მლნ დოლარი (9%); ნახშირწყალბადები – 300.9 მლნ აშშ დოლარი (3.8%); სამკურნალო საშუალებები – 280.7 მლნ აშშ დოლარი (3.6%);  ხორბალი – 184.3 მლნ აშშ დოლარი (2.3%); სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 152.1 მლნ აშშ დოლარი (1.9%); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 113 მლნ აშშ დოლარი (1.4%); სიგარეტი – 95.6 მლნ აშშ დოლარი (1.2%);  გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 90.1 მლნ აშშ დოლარი (1.1%); სატვირთო ავტომობილები – 79.4 მლნ აშშ დოლარი (1%).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button