Placeholder canvas
ახალი ამბები

სუბარის უწყების გენინსპექციამ მერაბიშვილის განცხადებაზე სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო

სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვანო მერაბიშვილის მიერ ექვსი დღის წინ გახმოვანებული ბრალდებების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ციხიდან მის შესაძლო გაყვანას ეხება, ციხის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის თაობაზე სამსახურებრივი შემოწმება 20 დეკემბერს დაიწყო.

გენინსპექცია სამსახურეობრივ მოკვლევას მერაბიშვილის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის დავალებით ჩაატარებს საქმისადმი „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“, იტყობინება სამინისტრო 23 დეკემბერს.  თავდაპირველად სოზარ სუბარი აცხადებდა, რომ გამოძიება საჭირო არ იყო მერაბიშვილის ბრალდებების „არასერიოზულიობიდან“ გამომდინარე.

„სამსახურებრივი შემოწმების შედეგის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება“, – ნათქვამია 23 დეკემბერს სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერაბიშვილის ადვოკატმა სასჯელაღსრულების სამინისტროს გამოძიების დაწყების თხოვნით და ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადაცემის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.

წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 17 დეკემბერს ქუთაისში მისი საქმის სასამართლო მოსმენაზე განაცხადა, რომ 14 დეკემბერს ღამის დაახლოებით 1:30 საათზე ის საკნიდან გაიყვანეს, თავზე მისივე მოსაცმელი გადაახურეს და მისი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიიყვანეს. მერაბიშვილის თქმით, სწორედ იქ შედგა მისი შეხვედრა მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან, რომელიც პირადად დაემუქრა ციხეში პირობების გაუარესებით და მისი ახლობლების დაჭერით, თუ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა და ასევე არ დახმარებოდა გამოძიებას გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე.

ამ ბრალდებებთან დაკავშირებით ნაციონალურმა მოძრაობამ გამოძიების ჩატარება მოითხოვა; ანალოგიური მოწოდება გააკეთა სახალხო დამცველმა უჩა ნანუშავილმა; ასევე  ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მართალია განაცხადეს, რომ მერაბიშვილის განცხადება ყალბია, თუმცა გამოძიების საჭიროებაზე მაინც მიუთითეს.

ხელისუფლებას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა ასევე 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 23 დეკემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში, რომელსაც სხვა ორგანიზაციებთან ერთად ხელს აწერენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ნათქვამია, რომ პროკურატურას საპროცესო კანონმდებლობა ავალდებულებს დანაშაულის შესახებ, მათ შორის მასმედიის საშუალებებიდან, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაიწყოს გამოძიება.

„პროკურატურას მოცემულ შემთხვევაში არ აქვს არჩევანი დაიწყებს თუ არა გამოძიებას“, – აცხადებენ უფლებადამცველები, რომელთა მოწოდება პროკურატურისაგან დამოუკიდებელი მოკვლევის დაწყების თაობაზე უკვე გაიზიარა სასჯელაღსრულების სამინისტრომ.

„ვფიქრობთ, ნათელია, რომ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს სიმართლის გარკვევა“, – ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, „თუ ი.მერაბიშვილი ამბობს ტყუილს, ამ ტყუილის დადგენა მარტივია. კითხვებს პასუხი ეფექტურმა და ობიექტურმა გამოძიებამ უნდა გასცეს. გამოძიების არდაწყება, გაჭიანურება, ვიდეო ჩანაწერების ნახვის შეუძლებლობის მომიზეზება ან მსგავსი უსაფუძვლო განმარტებები ზრდის ეჭვებს, რომ ი.მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მართალი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button